ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ მალე განახლებული დაბრუნდება

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ მალე განახლებული დაბრუნდება

სასიამოვნო სიახლე საბავშვო, საოჯახო თუ ექსტრემალური ატრაქციონების მოყვარულთათვის — შეკვეთილში მდებარე პოპულარული პარკი „ციცინათელა“ მომხმარებელს მალე დაუბრუნდება. „Starring Georgia-ს“ ორგანიზებით, პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, კომფორტული და განახლებული სივრცეები დახვდებათ.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად ახლდება და იღებება გარე და შიდა ფასადები; ახლდება შემოსასვლელები და სალაროები; იცვლება ატრაქციონების დეტალები, მიმდინარეობს 3 ატრაქციონის სრული რესტავრაცია; იღებება ატრაქციონების ჯებირები; ახლდება და ტენტით იხურება ატრაქციონების მოსაცდელი ზონები; ახლდება ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები; იცვლება პარკის აუდიო-ვიზუალური კონცეფცია; სრულად აღდგება დინოზავრების პარკი; ახალი კონცეფციით, სრულად ახლდება 3 კვების ობიექტი მაგიდებითა და სკამებით, ახალი მენიუთი და დიზაინით; კარტინგების ზონას ექნება ახალი ტრიბუნა და 8 ახალი მანქანა; პარკში ირგვება ახალი მცენარეები, რომლებიც უფრო დიდ და მასშტაბურ გამწვანებას შექმნის; გამწვანების ნაწილის გარშემო, ჯამში, 2 ათასი მეტრის სიგრძეზე ეწყობა სპეციალური დეკორატიული მოაჯირები; მიმდინარეობს სკამების რესტავრაცია; ახლდება ლამპიონები; შენდება 2 ახალი, კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონა; ახლდება ნაგვის ურნები; სუფთავდება და ახლდება სველი წერტილები; მკაცრდება პარკის უსაფრთხოების ზომები და რაც მთავარია, „ციცინათელას“ განახლებული პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე მაქსიმალურად არის დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა.

„ვყიდულობთ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას და სამუშაო ჯგუფებიც ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული. დიზაინსა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობს კვალიფიციური ადგილობრივი ჯგუფი, რომელსაც Black Sea Arena-ზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ვცდილობთ, რომ გადავარჩინოთ და გადაგდების ნაცვლად, მეორადი გამოყენება მოვუძებნოთ არსებულ ნივთებსა თუ მასალებს,“ — აცხადებს „Starring Georgia-ს“ მენეჯერი ციცი იაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 14.5 ჰექტარზე გადაჭიმული „ციცინათელა“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პარკში აქამდე არასდროს ჩატარებულა