„22 დღის განმავლობაში აქ ვიდექი, ფონიჭალაში...“ - მორიგი სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ

მდუმარე ბერი

ვრცელდება ყოფილი ემიგრანტის ქეთევან წყლისაშვილის გამოჯანმრთელების ისტორია, რომელსაც მდუმარე ბერს, მამა ნიკოლოზს უკავშირებენ.

„საბერძნეთში ვიყავი ორი წელი. მივყევი ამხანაგს ექიმთან, ჩავიტარე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
და მითხრეს სასწრაფო ოპერაცია, ასევე ექიმმა მითხრა: ,,სად იყავი აქამდე, რატომ დააგვიანეო?"

ჩემი და საქართველოში იყო და ვთხოვე: მიდი სასწრაფოდ წმინდა მამა ნიკოლოზთან და ილოცე, სთხოვე. მე მწამდა, შინაგანად მჯეროდა, რომ კარგად ვიქნებოდი... მამა ნიკოლოზის ფოტოებს ხელიდან არ ვუშვებდი, რომ ვიწექი მაშინაც გულში ვიხუტებდი, მამაო, მიშველე, ვევედრებოდი... შიშმა და დეპრესიამ გამიარა.

და უცებ, ერთ ღამეში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში წამოვსულიყავი. ჩამოვედი და მეორე დღიდან დავიწყე სიარული უწმინდეს მამა ნიკოლოზთან. საბერძნეთიდან და საქართველოშიც მეგობრები ყველა მეუბნებოდა ექიმთან მიდიო, ექიმი აუცილებელიაო. მე ვპასუხობდი: ექიმი კარგია, მაგრამ გული ასე მეუბნება, ჯერ უნდა ვიარო მამაოსთან, ექიმებთან მივალ თავის დროზე.

22 დღის განმავლობაში აქ ვიდექი, ფონიჭალაში, ჩემს დასთან ერთად დილიდან საღამომდე. მამაო გამობრძანდებოდა და ჯვარს გვსახავდა. ვიდექი ამ ქარში, სიცივეში და არ მტკიოდა... მეოცე დღეს, მე და ჩემი და ვიყავით მარტო და გადმოიხედა მამაომ, ისე დავიბენი - რა მექნა, არ ვიცოდი - ავდგებოდი, დავჯდებოდი. მანიშნა მამაომ, დაჯექიო, უცებ შინაგანად ვიგრძენი, რომ არაფერი მჭირდა.

მამაო გამაგებინე, გამოვჯანმრთელდი? მართლა ასეა? შორიდან ვეკითხებოდი მამაოს - მართლა ასეა მამაო? მართლა ასეა? მამაომ თავის დაქნევით მანიშნა, ორჯერ დამიქნია თავი. წავედი პოლიკლინიკაში გამოკვლევაზე.

კლინიკაში ჩავიტარე გამოკვლევა, წამალიც კი არ დამჭირვებია, საბუთები ხელთ მაქვს. ექიმმა მითხრა: „არაფერი გჭირს და რაზე მოხვედიო? შენისთანა ჯანმრთელობის ხალხი ას წლამდე ცოცხლობსო.“

კლინიკიდან ტირილით წამოვედი, მამა ნიკოლოზისადმი მადლიერებით სავსე, პირდაპირ მამა ნიკოლოზთან წავედი, გზაშიც სულ მადლობას ვუხდიდი მამაოს. :უდიდესი, უდიდესი მადლობა მამაო ამ გამოუთქმელი წყალობისთვის. მახსენდება საბერძნეთში ექიმმა მითხრა: „დაგვიანებულია!!! სად იყავი აქამდეო!!!“ ჩემი შვილიც მორწმუნე გახდა და თვითონ მოდის მამაოსთან და მადლობას უხდის!!“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.