ორგანიზმში უჩვეულო ცვლილებები შეიძლება ლეიკემიაზე მიუთითებდეს - ჰემატოლოგების რჩევები
1758746495
გამოკვლეულ იქნა, სასტუმრო "ამბასადორის" ვიდეო/კამერები, სადაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ გელა უძილაური თებერვლის თვეში, ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა და მასზე ინფორმაციას აგროვებდა,- ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს ვიდეო-ჩანაწერებში ფიგურანტი პირების ხმისა და გამოსახულების იდენტურობა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხა, მათ შორის გამომძიებელი, რომელმაც უშუალოდ დააკავა გელა უძილაური, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა 17 000 ათასი ლარი. ასევე, გამოიკითხა ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს ერთის მხრივ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალის იდენტურობა და მონაწილე პირების ხმის იდენტურობის საკითხი. გარკვეული გარემოებების გამო, რომელიც ჩვენთვის უცნობია, შეწყდა პროცესი, თუმცა ბრალდების მხარეს კიდევ ჰყავს მოწმეები მოყვანილი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე, რომელთანაც ბევრი კითხვები აქვს ბრალდების მხარეს. ასევე გამოკვლეულ იქნა, სასტუმრო "ამბასადორის" ვიდეო/კამერები, სადაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ გელა უძილაური თებერვლის თვეში, ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა და მასზე ინფორმაციას აგროვებდა",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.