შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.

მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი.

ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“,- ნათქვამია განცხადებაში.