სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც უკანონოდ გადაიღო დაზარალებულთან სქესობრივი აქტი და მის ყოფილს პარტნიორს გაუგზავნა...

prokuratura

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შეუწყნარებლობის მოტივით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაზარალებულთან, მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ცხოვრების წესის შეცვლა გამოიწვია. ასევე ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტომასალას.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა მეორე დაზარალებულთან სქესობრივი აქტი, რომელიც სოციალური ქსელის „ინსტაგრამის“ საშუალებით მის ყოფილ პარტნიორს გაუგზავნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება) (ორი ეპიზოდი) და 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.