1756065810
მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 25 წლის გოგოს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.