1753907905
მასალები მაძლევს საფუძველს, თამამად განვაცხადო, რომ ეს დანაშაულებრივი სქემა წინასწარ იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ - სააპელაციო სასამართლოში ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარემ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 9 ათასამდე ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილის დაკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ, რათა სასამართლოს სწორედ მან მისცეს ჩვენება.
"დღეს იქნება მხარეების შესავალი სიტყვები და ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ მოხდეს გიორგი ბაჩიაშვილის დაკითხვა და მან მისცეს ჩვენება სასამართლოს. ეს განაჩენი არის კანონის შეუსაბამო, კერძო წინააღმდეგობაშია არა მარტო მოქმედ კანონმდებლობასთან საქართველოში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამას გარდა, შინაარსობრივი ნაწილიც კი დაუსაბუთებელია, ანუ როგორ მივიდა მოსამართლე გადაწყვეტილებამდე, რომ ეცნო დამნაშავედ გიორგი ბაჩიაშვილი, ჩვენთვის ბუნდოვანია", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
პროკურორი, მიხეილ სადრაძე კი აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის ბრალეულობა ყველა მტკიცებულებით დასტურდება.
"გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ყველა მოწმისთვის, გაგვეანალიზებინა ყველა მოწმობა, დოკუმენტი და ა.შ. რაც მაძლევს იმის საფუძველს, რომ თამამად განვაცხადო რეალურად, ეს დანაშაულებრივი სქემა წინასწარ იყო დაგეგმილი და დაორგანიზებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ, მას ჰქონდა მზაობა, რომ მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვის, შესაბამისი მოქმედებები განეხორციელებინა. ბიტკოინის მაინინგში ინვესტიცია განხორციელდა, ჯამურად ექვსი მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების, რომ დავამრგვალოთ რიცხვები.
სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის პროცენტული მონაწილეობა იყო ერთი მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ფარგლებში, ხოლო 5 მილიონი იყო დაზარალებული ინვესტორის. ის აცხადებდა, რომ მთელი ეს ინვესტიცია იყო მისი. აღიარების დოკუმენტი არსებობდა და არაერთხელ მოვახდინე ამის დემონსტრაცია, მათ შორის, კიდევ ერთხელ წარვუდგენ საზოგადოებას, სადაც ის ოფიციალურად მიმარტავს კრიპტოპლატფორმას, რომ მისი მონაწილეობა იყო მხოლოდ ერთი მილიონ-ნახევრით დაფინანსებული, პლუს - პროცენტი. კომპანიის სახელიც ემთხვევა, ბუნებრივია, ყველაფერი ემთხვევა, ეს არის გიორგი ბაჩიაშვილი, საკუთარი სახელით, საკუთარი პასუხისმგებლობით შექმნილი ელექტრონული ფოსტით და ეს მტკიცებულება მოპოვებულია სამართლებრივი გზის ფარგლებში, ეს არის აღიარება.
ამას ვედავებოდით, სხვა არაფერს, რომ მისი წილობრივი მონაწილეობა, მხოლოდ მილიონ-ნახევარი იყო. მოცემულობა მარტივია, მისი დანაშაული მარტივად დასტურდება, მხოლოდ ეს მტკიცებულება რომ ავიღოთ და სხვა დანარჩენს თავი დავანებოთ. დანარჩენი ქმედებები, რაც განახორციელა - არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება, ხელფასთან დაკავშირებით, თითქოს სარისკო ურთიერთობებში მონაწილეობით და ა.შ. მისი საწინააღმდეგოა", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.