კოკაინი, ჰეროინი, ბუპრენორფინი, მეთადონი და მარიხუანა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მომზადების ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა

დაკავება

კოკაინი, ჰეროინი, ბუპრენორფინი, მეთადონი და მარიხუანა - პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები სპეციალური სამალავებიდან ამოიღო და რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ნარკოტიკული საშუალებები დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული იყო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მომზადების ფაქტზე, პოლიციამ 5 პირი დააკავა.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გაყიდვას ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდნენ. კლიენტებისთვის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე გაგზავნილი ჰქონდათ, სამალავები კი ძირითადად გარეუბნებში იყო შერეული.

ბრალდებულების დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციები თბილისის სხვადასხვა უბანში ერთდროულად ჩაატარეს. "კურიერი" რამდენიმე მისამართზე მივიდა, თუმცა დაკავებულების მეზობლებმა საჯაროდ საუბარს თავი აარიდეს.

პროკურატურის შუამდგომლობით, ბრალდებულები სასამართლომ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, "კურიერმა" გაარკვია, რომ ნაწილმა დანაშაული უკვე აღიარა.

ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ ეტაპზე, საქმეში უკვე დევს გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის პასუხები და ნივთმტკიცებები, მათ შორისაა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრო სასწორები, რაც გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მომზადების ფაქტს ადასტურებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.