1757602071
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით - "სახელოვნად გამარჯვებისთვის," გვაინტერესებს, რა თანხებია და ვისზე უნდა გაემარჯვათ - პროკურორი ალეკო ცქიტიშვილზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასმულ შეკითხვებს, უკვე ერთი საათია, სასამართლოში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი პასუხობს.
თავის მხრივ, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის საქმიანობაში უკანონო არაფერია და არც ყოფილა.
"ყველა ის პროექტი, რასაც ახორციელებდა "ადამიანის უფლებათა სახლი,"იყო იმ სტანდარტებსა და იმ სტრატეგიებში თავსებადი, რაც მაღალი დონის ორგანიზაციებს აქვთ გაწერილი. შესაბამისად, არაფერი უკანონო ჩვენს საქმიანობაში არ ყოფილა. პირიქით უამრავი სასარგებლო პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით. ყველა გადარიცხვა იყო აბსოლუტურად კანონიერი," - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.
მედიასთან, ასევე, კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ და აღნიშნა, რომ მთავარ საგამოძიებო ორგანოს კითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშებთან და გადარიცხვებთან დაკავშირებით.
"ჩვენ კითხვები გვაქვს მისი ორგანიზაციის ანგარიშებთან დაკავშირებით, მათ შორის თანხები არის ჩარიცხული პოლიტიკოსების მიერ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით - "სახელოვნად გამარჯვებისთვის," შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, რა თანხებია და ვისზე უნდა გაემარჯვათ. ასევე ისიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, იცის თუ არა, ვინ იყო ორგანიზატორი და საერთო მიზანი, რა იყო მათი. ასევე, მის ორგანიზაციას გაწეული აქვს გარკვეული სახის დახმარებები სამართალდარღვევისთვის დაკავებულებისათვის და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება კითხვები," - განაცხადა პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ.
დღესვე გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ფროსფერითი ჯორჯიას" დამფუძნებელი - ლაშა არველაძე.
საქმე ეხება საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში, დაყადაღებულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.