1757602071
ანგარიშებზე პირადი გადარიცხვით თანხები შეტანილი აქვთ თამთა მიქელაძეს, ეკა გიგაურს, გიორგი ქადაგიძეს და სხვებს, დანიშნულით - "სახელოვნად გამარჯვებისთვის" - პროკურორი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასმულ შეკითხვებს სასამართლოში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა უპასუხა.
"მე უფრო მოლოდინი მქონდა, რომ შეკითხვები იქნებოდა დაკავშირებული "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საქმიანობასთან და აღმოჩნდა, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საქმიანობაც აინტერესებდათ. დონორები ვინ გყავთ, თანხას, როგორ რიცხავენ, ჯარიმების თანხას რატომ იხდიდით - რაიმე ისეთი ახალი კითხვა არ დასმულა," - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.
მედიასთან ისაუბრა, ასევე, საქმის პროკურორმაც.
"ანგარიშებზე პირადი გადარიცხვით თანხები შეტანილი აქვს თამთა მიქელაძეს, დანიშნულით - "სახელოვნად გამარჯვებისთვის." თანხა შეტანილი აქვს ეკა გიგაურს, ასევე, გიორგი ქადაგიძეს და სხვა ცნობილ პირებს. ამასთან, დადასტურებული ფაქტია, რომ "ადამიანის უფლებათა სახლს" ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული ჯარიმებში, პატიმრების ოჯახის წევრებისთვისა და მათი პირადი სარგებლობისთვის გადახდის დროს," - განაცხადა პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ.
ამ დრომდე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება "ფროსფერითი ჯორჯიას" დამფუძნებელი, ლაშა არველაძე.
საქმე ეხება საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.