„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
ძლიერი წვიმის შედეგად, აჭარაში, რამდენიმე ადგილზე, სტიქიური მოვლენები განვითარდა. ქედაში, სოფელ დოლოგანში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დაშავდა 2 ადამიანი.
ქედას მერიის ინფორმაციით, სახლი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში. ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. ოჯახი ჩართული იყო "სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში".
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას.
სტიქიური მოვლენები განვითარდა ასევე ხელვაჩაურში. მდინარე მაჭახელა დილის ექვს საათზე კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა რამდენიმე სახლი და დააზიანა ინფრასტრუქტურა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რომელიც პირადად გაეცნო მიმდინარე პროცესებს.