მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა

ვარდო ფირცხალავა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილელი ბებო ვარდო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა. მისმა ისტორიამ და მანქანებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა უამრავი ადამიანი გაახალისა და შეაყვარა თავი.

ვარდო ბებო 78 წლის იყო და ცნობილი გახდა იმით, რომ 25 წლიდან მართავდა „ჟიგულს“, რაც იმ დროისთვის სოფელში იშვიათობა იყო.

„ისეთი სიცოცხლით სავსე იყავი, ბებო, არც კი მიფიქრია, თუ ოდესმე შეიძლება აღარ ყოფილიყავი... მეგონა, 120 წელს გაძლებდი და სულ ჩვენ გვერდით იქნებოდი, შენ კი ასე ადრე დაგვტოვე. შეიძლება მსოფლიო ვერ მოგატარე და ოქრო-ვერცხლი ვერ დაგიგროვე, ბებო, მაგრამ მთელი გულით მიყვარდი, სულ გითბობდი სულს და ყურადღებას არ გაკლებდი. სიყვარული, ყურადღება და უამრავი თბილი ემოცია ვცდილობდი მეჩუქა. შენს პირველ მერცხალს ეძახდი ჩემს თავს და მეც შენი იმედით დავფრინავდი. სიცოცხლის ბოლომდე მომენატრები, ჩემო საყვარელო. შენ მარტო ჩემი კი არა, ყველას ბებია იყავი საოცარი სითბოს გამო უამრავმა ადამიანმა შეგიყვარა და დაგაფასა.",-წერს შვილიშვილი ანა.