ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი და ის 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს

ზელენსკი

ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი და ის უნდა შეწყდეს, რომ დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს, - ეს განცხცადება უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნებაა, რათა რუსეთი ერთად აიძულონ დათანხმდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას.

„ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, და ის 30 დღე უნდა გაგრძელდეს რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს. რუსეთი ბოლო დღეებში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დღეებში იერიშების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდა. მარტო გუშინ 200 იერიში განხორციელდა, ამიტომაც ჩვენ რუსეთის არ გვჯერა. ცეცხლის შეწყვეტა რუსეთზეა დამოკიდებული. ასევე მიმაჩნია, რომ თუ უკრაინა ძლიერი იქნება, ომი შეძლებისდაგვარად მალე დასრულდება, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს აქვთ საამისო ინსტრუმენტები. მთავარი პრიორიტეტი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნებაა, რათა ერთად ვაიძულოთ რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას. ყველა ომი ადრე თუ გვიან სრულდება. ეს ომიც დასრულდება ისევე როგორც ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმები და იმპერიები. რომლებიც ომის პრინციპზე იყო დაარსებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს შეუძლია ერთი გადაწყვეტილებით ომის დასრულება, თუმცა ჯერჯერობით მას ამისი ნება არ გამოუვლენია.

„თუ ვინმეს აქვს ხელში ომის დასრულების კოზირი ეს ვლადიმირ პუტინია მას შეუძლია ეს ერთი გადაწყვეტილებით გააკეთოს. ჯერ მას ამის ნება და სურვილი არ გამოუვლენია“, - განაცხადა ვაცლავ პაველიმ.