ვერანაირად ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ რომელიმე კონკრეტული კანდიდატი შეთანხმებულია, რადგან ეს ასე არ არის - გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. გახარიასა და "ლელოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ თბილისის მერობის მათი ერთობლივი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება.

ეს ინფორმაცია დღეს გახარიას გუნდში კატეგორიულად უარყვეს, "ლელოში" კი თქვეს, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს. პარალელურად, კოლეგების მხრიდან მათი მისამართით ისევ კრიტიკა ისმის.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ბევრი ადამიანის კანდიდატურა განიხილება.

"განხილვაში არის ბევრი კანდიდატურა, მაგრამ არ შემიძლია, რომ დავადასტურო რაღაც. სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, ბუნებრივია, ეს არის პერიოდი, როდესაც მოხდება შეთანხმება კანდიდატებთან დაკავშირებით. ვერანაირად დავადასტურებ ინფორმაციას, რომ რომელიმე კონკრეტული კანდიდატი ახლა არის შეთანხმებული, რადგან ეს ასე არ არის", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა დადასტურებით ჯერ ვერაფერს იტყვიან.

"ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, ეს არ არის გაერთიანება, ეს არის მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რადგან ჩვენ ვიმყოფებით რეჟიმთან ბრძოლაში და აქტიურად ვართ ჩართულნი ამ მიმართულებით. რაც შეეხება კანდიდატს, კონსულტაციები არის დაწყებული, თუმცა არ დავადასტურებთ კანდიდატურას, გვაქვს 4 სექტემბრამდე ვადა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.