ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება

დონალდ ტრამპი

 გამოცხადდება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და ირანს შორის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა დაახლოებით 6 საათში დადგება, როდესაც ისრაელი და ირანი დაასრულებენ მიმდინარე, ბოლო მისიებს.

„ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ირანი ოფიციალურად გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას, 12 საათის შემდეგ კი ისრაელი გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას, ხოლო 24 საათის შემდეგ მთელი მსოფლიო აღნიშნავს 12-დღიანი ომის ოფიციალურ დასრულებას. თითოეული ცეცხლის შეწყვეტის დროს მეორე მხარე შეინარჩუნებს მშვიდობიან და პატივისმცემელ პოზიციას. იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც უნდა წარიმართოს, რაც ასეც მოხდება, მინდა მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, რომ აქვთ გამძლეობა, გამბედაობა და ინტელექტი, რათა დასრულდეს ის, რასაც „12-დღიანი ომი“ უნდა ეწოდოს. ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“ - აღნიშნა ტრამპმა.