სკანდალური წერილი და ევროკავშირის ელჩის აღიარება - პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს

სკანდალური წერილი და ევროკავშირის ელჩის აღიარება

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა და რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თვდაყირა აყენებს მთელს იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

მინისტრის მოადგილის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელიც 2025 წლის 5 ნოემბრით თარიღდება, პაველ ჰერჩინსკი იუწყება, რომ საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით. საუბარია იმ მიმართულებაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს არაერთი წარმატება აქვს მიღწეული და არაერთი მადლობა მიუღია თავად ევროკავშირის წარმომადგენლებისგან.

მაგრამ ყველაზე მთავარი ამ წერილში სულ სხვა რამეა - ევროკავშირის ელჩის აღიარება, სადაც ეს უკანასკნელი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.

პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს პირდაპირ წერს: "საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია.

საუბარია 2024 წლის 27 ივნისზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთი თვით ადრე, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გააკეთებდა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე თავად აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, თუმცა შემოთავაზების გაკეთების შემთხვევაში, საქართველო წინადადებას დათანხმდებოდა, გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეჩერებაზე  თავად ევროკავშირის მიერ უკვე მიღებული იყო.

როგორც 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, მაშინ როდესაც ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამდნენ და ერთობლივ მიმართვებს წერდნენ: რომ "მიუხედავად 2023 წელს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, მმართველმა პარტიამ ისტორიული შანსი არათუ გამოიყენა, არამედ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის პროცესი წარმართა", ეს შანსი ქვეყანას, მათივე გადაწყვეტილებით, უკვე წართმეული ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების წინაღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, სადაც ჩაერთო თითქმის ყველა ევროპარლამენტარი და დასავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი მმართველ პარტიას, არც მეტი, არც ნაკლები, ღალატში ადანაშულებდნენ და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

მათ რიცხვში იყოს დსთ-ს წევრი ქვეყნის, მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუც. შეგახსენებთ მის ციტატას:  ქართველები არიან ევროპელები. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ.

იმ აღიარებითი წერილის ფონზე, რომელიც პაველ ჰერჩინსკიმ ორი დღის წინ მიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით  ცინიკურად ჟღერს მისი სიტყვები, რომელიც  2024 წლის 29 ნოემბრით თარიღდება:

"გვქონდა იმედი, რომ არჩევნები ახალ სტიმულს მისცემდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, მაგრამ პოზიტიური ბიძგის ნაცვლად, იყო სერიოზული დარღვევები, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს. გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციას, არის ნამდვილად დასანანი" - EU-ის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

არქივი კიდევ ბევრ ასეთ განცხადებას ინახავს, რომელსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ:

29.11.2024 - "ქართველები აგრძელებენ საღამოს თბილისში პარლამენტის წინ პროტესტს. მათ მთავრობამ უღალატა. დაუჭერს ევროკავშირი მათ მხარს? ევროპარლამენტმა გზა აჩვენა" - წერს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო

29.11.2024 - ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით. ვწუხვარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, რაც დემოკრატიული რეფორმის მთავარი მექანიზმია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას", – წერს სოციალურ ქსელში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

29.11.2024 -"იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ" - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.

29.11.2024 - "ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ სწრაფად უნდა დაუწესოს პერსონალური სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, როგორც ამას ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია ითვალისწინებს" - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

29.11.2024 - დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე - ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მცდელობები.

29.11.2024 - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, იმედგაცრუებულია.

29.11.2024 - "საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი" - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი ქართველ ხალხს და ქვეყნის მთავარსარდალს სოლიდარობას უცხადებს.

29.11.2024 - ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადი საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო - 2022 წლის მარტში და რომ მას კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა. იმის ნაცვლად, რომ გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა და წინ წაიწიონ გაწევრიანების პროცესში, საქართველო მუდმივ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის", - წერია განცხადებაში.

03.12.2024 - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირში "ქართული ოცნების" ლიდერებთან მიმართებაში სანქციებზე იმსჯელებენ. ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო წუხს და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.

29.11.2024- მიუღებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან პროტესტის მონაწილეებზე ძალადობა - ასეთი განცხადებით ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 28/29 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს.

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა".

მათივე შეფასებით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, დარღვევების მასშტაბისა და სიმძიმის გამო, შეუძლებელია თავისუფალი და სამართლიანი ეწოდოს.

29.11.2024 - გერმანიამ და ევროკავშირმა უნდა გადახედონ საქართველოსთან ურთიერთობებს. სასწრაფოდ საჭიროა სანქციები“ — წერს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ტომას ჰაკერი.

29.11.2024 - ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო ბრძოლაა. თუ დღეს დაიცავთ თქვენს თავისუფლებასა და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენთ თქვენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს ბრძოლის გეშინიათ, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და რუსული წარსულის დასაწყისი იქნება", - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

04.11.2025 - მარტა კოსი - საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

მარტა კოსი - საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.

29.11.2024 - საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების რეჟიმს, რომელმაც პუტინის ავტორიტარიზმი დემოკრატიას ამჯობინა. ევროკავშირი არ შეიძლება გაჩუმდეს. ლიბერალები დგანან საქართველოს მამაცი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან", - განაცხადა ALDE-ს პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა.

29.11.2024 - ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლპარაკებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ და წერენ, რომ მიუხედავად 2023 წელს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, მმართველმა პარტიამ ისტორიული შანსი არათუ გამოიყენა, არამედ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის პროცესი წარმართა.

"საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ცნობები არჩევნების გაყალბებაზე ხალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას ძირს უთხრის" - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

29.11.2024 -„ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით! პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, გისურვებთ ძალასა და გამბედაობას საქართველოს ევროპული გზის შენარჩუნებაში. საქართველოს ადგილი ევროპაშია.“ — წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

29.11.2024 - სიმართლე გითხრათ, ასეთ მკაცრ ნაბიჯს "ოცნებისგან" არ მოველოდით - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა "პირველებთან" ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისი შეჩერებას.

ევროკავშირში არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებმაც შეიძლება, განიხილონ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოსთან - ამბობს გრეგოროვა და არ გამორიცხავს, რომ ბალიტიისპირეთის ქვეყნებმა მათ შორის ინდივიდუალური სანქციები დააწესონ "ოცნების" მარალჩინოსნების მიმართ.

29.11.2024 - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე- უკრაინის საგარეო სამინისტრო.

29.11.2024 - ქართველები არიან ევროპელები. საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერავინ წაართმევს მათ. მოლდოვა გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და სოლიდარობას უცხადებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში." - წერს მაია სანდუ.

29.11.2024 - "ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ბოლო გადაწყვეტილება გარდაუვალი შედეგია იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ მთელი საქართველოს მოსახლეობა და ყველაზე მეტად, მათივე ამომრჩეველი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული ოცნება მათ ევროკავშირისკენ გაუძღვებოდა" - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა

29.11.2024 - პეტრასაუსტრევიჩუსი- "მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გადაწყვეტილება. პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთისადმი მიჯაჭვულობისკენ და დიდი გაურკვევლობისკენ მიჰყავს. ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები." - წერს ევროპარლამენტარი.

29.11.2024  - ""ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა არჩევნების შემდეგ, რომელსაც ამ კვირაში ევროპარლამენტში ხმა მივეცით, როგორც არალეგიტიმურს, ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში - პრეზიდენტის ჩათვლით, რომელიც ძალადობას შეეწინააღმდეგა და პოლიციას ესაუბრა. აქ ის მათ მოუწოდებს საქართველოს და არა რუსეთის მიმართ ერთგულებისკენ. გმირები ხართ“,- წერს ჩეხი ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა.

29.11.2024 - საქართველოს შაბლონი ცნობილია: ჯერ თავისუფლებას წაართმევენ, მერე დაიწყებენ ცემას, მერე კეთილდღეობაც ქრება, საბოლოოდ კი რუსეთი გადაგყლაპავთ.

მათ ვინც თბილისის ქუჩებში დგანან: თქვენი დღევანდელი ბრძოლა - ეს არ არის მხოლოდ პროევროპული ან პრორუსული პოზიცია; ეს არის ბრძოლა თავისუფალი ცხოვრების ფუნდამენტური უფლებისთვის. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - ნუ მისცემთ უფლებას მოგპარონ თქვენი მომავალი." - წერს კულება.

01.12.2024 - ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლისთვის გაკეთებული არჩევნის გვერდით. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიისგან წამოსული შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ აღარ გააგრძელონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და დააშორონ ქვეყანა დემოკრატიას. ევროკავშირის მხრიდან ამას პირდაპირი შედეგები მოჰყვება, - წერს კაია კალასი.

28.11.2024 - ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები. ამას ვერავინ წაგართმევთ. გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით", - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

28.11.2024 - საბოლოოდ, ნიღბები ჩამოხსნილია. 12 წლის განმავლობაში ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ახორციელებდნენ კრემლის პოლიტიკას, უგულებელყოფდნენ ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებს. მაგრამ რას ფიქრობს ქართველი ხალხი? მათ ნამდვილად სურთ რუსეთთან დარჩენა?" - წერს იუკნევიჩიენე.

30.12.2024 - "ქართველი ხალხი ევროპელი ქვეყნების მხარდაჭერას იმსახურებს - თუ ისინი არ დაიღლებიან და არ დანებდებიან, არც ევროპამ უნდა მისცეს თავს ამის უფლება" - ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს.

მარკო მიხელსონი ამბობს, რომ "რუსეთის მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ევროპული მთავრობების ამბივალენტურობა არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებაში მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ღირებულება უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება".

30.11.2024 - საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

30.11.2024 - აღმაშფოთებელი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. საქართველოს მთავრობამ სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცეს. ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო; "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია. შვედეთი ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

30.11.2024 - "საქართველოდან ვიღებ შემაშფოთებელ ცნობებს პოლიციის ძალადობის შესახებ მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გადადებას აპროტესტებენ. მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და შეწყვიტოს ნაკლებად სასიკვდილო იარაღის ბოროტად გამოყენება. ვაკვირდებით საქართველოს..." - წერს ჯინა რომერო X-ზე.

12.03.2025 -12 მარტს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. დოკუმენტში საუბარია 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველო ოთხი წლით წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს. სენატის კომიტეტის თანახმად, ამით დაირღვა წინასაარჩევნო დაპირება და დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს ევალებათ, ყოველი ღონე იხმარონ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის.

20.10.2025 - საქართველო იყო ახლოს ევროპულ გზასთან, ამ ეტაპზე კი ვხედავ, რომ დისტანციას იჭერენ. ეს სამწუხაროა, არჩევნებიც იყო რთული. ვიგებთ, რომ ხალხი ძალიან უკმაყოფილოა. თუ არჩევნები სწორად ჩატარდა, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თუ არა, მაშინ უნდა შეგვეძლოს ვნახოთ რა მოხდა და რისი გაკეთება შეიძლება. საქართველომ აირჩია ევროპული მომავალი, მაგრამ არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, მაგრამ თუ ამასთან გვაქვს საქმე, მაშინ უნდა განვიხილოთ. და მეორე საკითხი- სამწუხარო იქნება თუ დაშორდებიან ევროპას, რადგან ახლოს იყვნენ"[ევროსკოპი] | განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიერბეტელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე.

05.10.2025- "საქართველოში პოლიტიკური ვითარება დღითი დღე მძიმდება – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სულ უფრო მეტად ემსგავსება ავტორიტარულ მმართველობას, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს", - ფიქრობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა