შალვა პაპუაშვილი: პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად

შალვა პაპუაშვილი

პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არსებულ შესაძლო რისკებზე საუბრისას.

მისი შეფასებით, რეალურად სახეზეა ანტიევროპული პროპაგანდა.

„ფაქტობრივად, ევროკავშირი გვაშინებს საკუთარი თავით, ამ შემთხვევაში ბრიუსელი, არ გავაიგივებ ბრიუსელს ევროკავშირთან ამ შემთხვევაში.

ვხედავთ, ეს არის ორკესტრირებული პროპაგანდა, რომელშიც ჩართულები არიან ბრიუსელიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, რომ მოვალთ გერმანიის საელჩოში, დაგვხვდებიან მტარვალები.

ანუ ამ აზრში რა დევს - რომ იმდენად ცუდი, ბიუროკრატიული და ადამიანზე არაორიენტირებული არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, რომ თუკი ვიზის აღების აუცილებლობა იქნება, ჩვენ იქ რომ მივალთ, ისინი დაგვტანჯავენ, დამამცირებლად მოგვეპყრობიან. დღეს ხომ ამაზე საუბრობდნენ ზუსტად, იხსენებდნენ პრაქტიკას გერმანიის საელჩოში. ანუ ისევ იქ არის გერმანია, რომ ასე დამამცირებლად მოეპყრობა საქართველოს მოქალაქეებს? ისევ იქ არიან, რომ ვერ შეძლებენ, საკითხები ელექტრონულად მართონ და არ დასჭირდეს ამას რაღაც პერიოდი?”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ამ საკითხზე არასამთავრობოების პოზიციაზეც ისაუბრა.

„ანუ ევროკავშირი ასეთი ცუდია? ჩვენზე ცუდია, გამოდის, ხომ? ანუ ჩვენთან თუ შეიძლება, ერთ დღეში დაარეგისტრირო ყველაფერი, იქ შეუძლებელია. აბა, რას ვწვალობთ? თუკი ეს მიაჩნიათ ევროკავშირისგან დაფინანსებულ „ენჯეოებს“, რომ იმდენად ცუდია ევროკავშირი და მისი ქვეყნების პრაქტიკა, რომ თუკი ვიზა იქნება, იქ იქნებიან მტარვალები და დაგვტანჯავენ.

რა ტქმა უნდა, ამაში ჩემი მხრიდან სარკაზმია - ერთი მხრივ ევროკავშირის დროშა უჭირავთ და ამბობენ, რამდენი სიკეთეა ევროკავშირში და მეორე მხრივ ამბობენ, იმდენად ცუდი, მოუქნელი და ადამიანზე არაორიენტირებულია ევროკავშირი თუ მისი წევრი ქვეყნები, რომ ვიზის აღება თუ დაგვჭირდება, ისინი ჩვენ დაგვტანჯავენ, ხუთი ათას დოკუმენტს მოგვთხოვენ და ბოლოს არ მიგვიშვებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.