საქართველოს იუსტიციის მინისტრი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს - პაატა სალია დღეს ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებს შეხვდება

პაატა სალია

 საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

პაატა სალია დღეს შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში და ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებების საკითხებში.

სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ზაფხულში საჯარო სერვისების ფორუმი თბილისში.

ნიუ-იორკში ვიზიტის დროს პაატა სალია სიტყვით გამოვიდა გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე. აქცენტი საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე გაკეთდა.

"საქართველოს მონაწილეობა და ჩართულობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა გავუზიაროთ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებული რეფორმების თაობაზე. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, მათ შორის, საჯარო მომსახურების გაუმჯობესების, საჯარო მომსახურების გაწევისა ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.