„საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ქმედებებს“ - პაპუაშვილი ტუსკის განცხადებაზე

პაპუაშვილი

„რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს - ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გასაუქმებლად.

როგორც პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, საინტერესოა, რომ ტუსკი თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ საბაბად მიგრაციას ასახელებს.

„ის შეეცადა, რომ მარცხი, რომელიც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეკომპენსირებინა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, მოსახლეობის 45% ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ასე რომ, ეს ის შიდა საკითხებია, რომლითაც ისინი თამაშს ცდილობენ.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს - ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად, იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა.

ამ საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ისაუბრებენ, თითქოს, პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, მის ამ საქციელს და ქმედებებს. არავითარი გასაოცარი არ არის, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდეთ ღირებულებების თვალსაზრისით?“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.