მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
“დღეს ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, გამოწვევებზე, მაშინ როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი. უკვე წელიწადზე მეტია საქართველოს ამ რეჟიმში უწევს ურთიერთობების წარმართვა. ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, სულ უფრო მკაფიო ხდება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოსა და რეგიონის შესაძლებლობები.
„დღეს, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ხშირად იკვეთება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოს შესაძლებლობები და ჩვენი რეგიონის ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების დინამიკა. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიუხედავად პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტისა, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა კვლავ გრძელდება.
„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლის ფარგლებშიც, ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს იმ იდეას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტას.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, კიდევ უფრო იკვეთება საქართველოს საჭიროება და იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის მიდგომები დროთა განმავლობაში შეიცვლება.
„ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას და ვერ შევაცვლევინებთ ამ გადაწყვეტილებას, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, რადგან ის არაფრის მომტანია არც ევროპისთვის და არც ევროპული ინტერესებისთვის. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება.
იყვნენ ჩვენთანაც პოლიტიკოსები, რომლებსაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, თუ რაში უნდა სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო და დღეს ნამდვილად ჩანს, თუ რაში და რატომ არის საქართველო საჭირო, ჩვენი რეგიონისთვის, ფართო რეგიონისთვის, ევროპის რეგიონისთვის და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებადობა და მხოლოდ და მხოლოდ გზა, ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გზა და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა და დიალოგის არსებობა.“ -აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა 9 ნაბიჯის შესრულებასა და ქვეყნის განვითარების პროცესზე.
„9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია. ამასთანავე, დღეს იმაზე საუბარი რომ 9 ნაბიჯი არის ის წინაპირობა, რამაც შეიძლება განმსაზღვრელი როლი ითამაშოს ამ ურთიერთობებში, ალბათ, არასწორი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საჭიროა, რაც ერთგვარად არის ასოცირების შეთანხმების ნაწილიც და მეორეს მხრივ სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უკავშირდება ევროპული სტანდარტების დანერგვას. ვიცით, რომ ეს სტანდარტები მაღალია და სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების საგზაო რუკა. ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი ნათლად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში, ასევე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ძალისხმევა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს არსად დაკარგულა, ვერ დაიკარგება, რაც არ უნდა გვაკრიტიკონ, რაც არ უნდა ორმაგი სტანდარტებით მიუდგნენ საქართველოს, ფაქტი დარჩება ფაქტად, ეს არის ის რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, ეს პროგრესი შეუძლებელია რომ ვერ დაინახონ.,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.