„სააკაშვილს სურდა, რომ ცენტრალური ხელისუფლების სრული იურისდიქცია აღედგინა ცხინვალზე... კონდოლიზა რაისის მემუარებს თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ის აბსოლუტურად შეშფოთებული იყო ამ უპასუხისმგებლო და ამჩატებული გეგმებით“ - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, საკუთარი მმართველობის ადრინდელი პერიოდიდანვე, მიხეილ სააკაშვილს სურდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების სრული იურისდიქცია აღედგინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, პირველ რიგში, ცხინვალზე.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა „რუსთავი 2"-ის ეთერში, რეზო ჭიჭინაძის საავტორო გადაცემაში - "ისტორია დეტალებში“ ისაუბრა.

გარდა ამისა, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ჰქონდა გარე ძალები დახმარების იმედი.

"ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ 2004 წლიდან, "ნაციონალური მოძრაობა" მისი მმართველობის ადრეული პერიოდიდანვე, მიხეილ სააკაშვილს სურდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების სრული იურისდიქცია აღედგინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, პირველ რიგში, ცხინვალზე. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ფაქტი და ინტერვიუ, ასევე, იმ პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ახლოს იყვნენ ან უშუალოდ მის გარემოცვას წარმოადგენდნენ. 2004 წლიდან ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ცხინვალზე კონტროლის აღდგენის სურვილი. კონდოლიზა რაისის მემუარებს თუ წაიკითხავთ, თქვენ ნახავთ, რომ ის აბსოლუტურად შეშფოთებული იყო ამ უპასუხისმგებლო და ამჩატებული გეგმებით. თუმცა, ჩვენ დასკვნაში ჩავწერეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ჰქონდა გარე ძალების იმედი. ვინ იყვნენ ეს გარე ძალები, კომისიამ გვარებით და სახელებით დადგენა ვერ შეძლო, თუმცა იმის დადგენა ნამდვილად შეძლო, რომ ეს იყო თვითიმედოვნება გარე ძალებისა. ამას მოწმობს მოწმე დიმიტრი სანაკოევი, რომელმაც თქვა, რომ 7 აგვისტოს 17:00 საათზე, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა თავისთან, არ იყო გამორიცხული, რომ იმავე საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ცხინვალზე თავდასხმა განეხორციელებინა, რაზეც დიმიტრი სანაკოევმა უპასუხა მიხეილ სააკაშვილს, რომ თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იყო სწორედ ის, რასაც ელოდებოდა რუსეთი. მიხეილ სააკაშვილმა მას უპასუხა, რომ არ უნდა ედარდა, ვინაიდან ეს უკვე იყო შეთანხმებული.

ასევე, ჩვენ გამოვკითხეთ მიხეილ ქარელი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დაწინაურებული პირი იყო. მას 2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ ცხინვალზე კონტროლი აღდგებოდა და რუსებს ამერიკელები მიხედავდნენ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 460-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი.