პარლამენტში, ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა

 პარლამენტი

ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ინიცირებულია.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუ ჩადენილი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის გ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა.