12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1749669933
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 3780 განცხადება, ხოლო ცხელ ხაზზე 14 295 ზარი შევიდა.
მისივე თქმით, გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა.
„2024 წლის განმავლობაში მომზადდა 16 სპეციალური ანგარიში და 1 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 2 კონსტიტუციური სარჩელი, 11 „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების გამოსავლენად და მათ შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ლევან იოსელიანმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ფემიციდი, პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა, ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაცია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებები და სხვა.
თანამომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშების მოსმენა, ამ ანგარიშების რეკომენდაციების საფუძველზე დადგენილების შემუშავება და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგია.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში საუბარია დადებით ტენდენციებზე შემდეგი მიმართულებებით: საერთო სასამართლოების საქმიანობის გაუმჯობესება და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების გაუმჯობესება და მათი რეაბილიტაცია - რესოციალიზაცია, არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და მათი ეკონომიკური გაძლიერება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმებისა და ონკოლოგიური პაციენტებისათვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების ფინანსური უზრუნველყოფა, გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით გატარებული ღონისძიებები, სოციალური უზრუნველყოფა, განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლების ხარისხის ზრდა, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.
მისივე თქმით, ანგარიშში დადებით ტენდენციებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარია გამოწვევებზეც, რომლის გაანალიზება მნიშვნელოვანია.
პლენარულ სხდომაზე, რატი იონათამიშვილმა წარადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას კენჭს უყრის.