პარლამენტი მიმდინარე კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს

პარლამენტის შენობა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 24-27 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირას, დეპუტატები დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებთან ერთად, 24 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს, 27 ივნისს კი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას მოისმენენ.

როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე კვირას, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიშის და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენაც შედგება.

ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ.