მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულთათვის დადგინდეს ანაზღაურების გამარტივებული წესი - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განმარტება გააკეთა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი დაინერგება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულთათვის დადგინდეს ანაზღაურების გამარტივებული წესი, რაც იქნება აუცილებელი წინაპირობა იმის, რომ მატერიალური თვალსაზრისით, დაზარალებულთა მდგომარეობა სოციალური კუთხით იქნება ხაზგასმული, გამოკვეთილი და მათ მარტივად შეეძლებათ ამ კუთხით საკუთარი მოთოვნის დაკმაყოფილება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის და რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი ინერგება, ბიუროს სხდომაზეა ინიციირებული. ცვლილებებით მარტივდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დამნაშავე პირის, მისი ოჯახის წევრისა თუ დაკავშირებული პირისგან, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება. პროკურორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ვიდრე მსჯავრდადებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს. პროექტი ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობასაც.