1750017082
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი, ქილებში დამალული, 86,67 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ უკანონო შეძენას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში დააკავეს.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.