მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ საპყრობილეში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ოჯახმა აღმოაჩინა ეს ე.წ. გადაცდომა და სახელმწიფოსთან ყველა ხარჯი გაასწორა - გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

მამუკა ხაზარაძე ანტიკორუფციულმა ბიურომ დააჯარიმა. "კურიერის" ინფორმაციით, მოკვლევა დღეს დასრულდა და ხაზარაძემ დეკლარაციის შესწავლის პროცესში, დარღვევა აღიარა. "კურიერს" ანტიკორუფციულმა ბიურომ დაუდასტურა, რომ ხაზარაძის დეკლარაციაში არაერთი დარღვევაა.

დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ "ლელოს" ლიდერმა საქართველოში გერმანიის ელჩზე სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი დამალა. ხაზარაძემ დამატებითი დრო ითხოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ბიუროს საჭირო დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ქმედება საზოგადოების ყურადღების არარსებულ თემებზე გადატანას ემსახურება.

"მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ საპყრობილეში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ოჯახმა აღმოაჩინა ეს ე.წ. გადაცდომა და სახელმწიფოსთან ყველა ხარჯი გაასწორა. ანტიკორუფციული ბიუროს ახლანდელი გამოხტომა სხვა არაფერია თუ არა ის, რომ გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება რეალურად არარსებულ თემებზე", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.