ბადრი ჯაფარიძე: პროცესების რადიკალიზაციაში მონაწილეობა არ მიგვიღია, არ არსებობს არცერთი განცხადება, განზრახვაც კი არ ყოფილა არასდროს, არც კი თქმულა, ეს არის ცრუ, პროპაგანდისტული ნარატივი

ჯაფარიძე

პროკურატურა პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, ამოცანა პოლიტიკოსების განადგურებაა, თუმცა, ამით „ქართული ოცნება“ აჩქარებს საკუთარი პოლიტიკური სამარის გათხრას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურაში მისვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟის ბრალდება აბსურდი და რეალობის შებრუნებაა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ 25 წელი 1990 წელს ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შემდეგ. ამ 35 წლის განმავლობაში ჩემი ამოცანა იყო წინააღმდეგობა გაგვეწია სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული საბოტაჟის მიმართ, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიმართ. მაშინ ვიყავი პარლამენტის შენობაში, ტყვიას გვესროდნენ, მაგრამ ვიცავდი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფულებას. შემდგომში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების გზა მიმართული იყო, რომ სახელმწიფო დაცული ყოფილიყო საბოტაჟისგან. ახალ კი ხელისუფლება პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, ეს ხელისუფლება გვიყენებს საბოტაჟის ბრალდებას. ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება და ამოცანაა, გაანადგუროს პოლიტიკოსები და პოლიტიკა. ვფიქრობ, ამით „ქართული ოცნება“ თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას. ის აბსურდი, რაც მოვისმინე, თითქოს ბრალი გვედება სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟში, არის რეალობის შებრუნება. ჩვენი ამოცანაა, საბოტაჟს დავუპირისპირდეთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი მეთოდებით. ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები და ეს არჩევნები აუცილებლად მოიტანს ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების გამთლიანებას, ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს საზოგადოების დამშვიდება. დაპირისპირება კი არ უნდა გაიზარდოს რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, არამედ  პირიქით, აღმოიფხვრას. ამ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება, ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უნდა ვიმოქმედოთ მშვიდად, კონსტიტუციური გზებით.

არანაირი რადიკალიზაციაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ეს არის „ქართული ოცნებისა“ და იმედის პროპაგანდის ტყუილი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, იდგნენ 1992 წელს სახელმწიფოს გადატრიალების უკან, მათ დაამხეს კანონიერი ხელისუფლება. ეს არის ფაქტი. ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები. არ არსებობს არცერთი განცხადება, განზრახვაც კი არ ყოფილა არასდროს, არც კი თქმულა. ეს არის ცრუ, პროპაგანდისტული ნარატივი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე. პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა.