მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია სკუტერის მძღოლი
1754137884
უარყოფის შემდეგ, დასტური - ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის ერთ-ერთია, ვისაც "ლელო"-გახარიას ალიანსი, თბილისის მერობის კანდიდატად განიხილავს. "ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც" - აცხადებს "მოქალაქეების" ლიდერი.
ეს ინფორმაცია, "ლელო - ძლიერ საქართველოში" ერთი კვირის წინ დაადასტურეს, თუმცა გახარიას გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული გვარის დასახელებამდე ჯერ კონსულტაციებია დასასრულებელი.
"მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. თუ მსგავსი გადაწყვეტილება [თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა] იქნება მიღებული, მზად ვარ! არსად თავს არ დავზოგავ! კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი!" - განაცხადა პარტიის "მოქალაქეები" დამფუძნებელმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
"გახარია საქართველოსთვის" წევრების შეფასებით კი, ჯერ დროს არის, შესაბამისად, კონსულტაციები კონკრეტული კანდიდატის ჩამოსაყალიბებლად გრძელდება.
"ჯერ გვაქვს დრო, მიმდინარეობს ძალიან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ განვიხილოთ ბევრი ძალიან საინტერესო კანდიდატი და ეს ადამიანები იტესტებიან. მათ შორის, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან, მაგალითად, განვიხილავთ გიორგი შარაშიძის კანდიდატურას. რეალურად, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ძალიან მალე," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თამარ კეკენაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" კი დედაქალაქის მერობის კანდიდატად, გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მესამე ვადით ასარჩევად, ისევ მოქმედი მერი, წარადგინა და საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. მმართველი პარტიისთვის, რომლისთვისაც კახა კალაძე უალტერნატივოა, არ აქვს მნიშვნელობა რაზე ჩამოყალიბდებიან ოპონენტები, რადგან დარწმუნებული არიან, რომ დედაქალაქის მერი თბილისელების მხარდაჭერას მესამე ვადითაც მოიპოვებს.