ლაშა დარსალია: საქართველოს მთავრობა, ტრადიციულად, ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

ლაშა დარსალია

საქართველოს მთავრობა, ტრადიციულად, ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად.

„მიგვაჩნია, რომ წინასწარი უსაფუძვლო შეფასებები და ვარაუდი, რომლებიც ასახულია განცხადებაში, ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიში ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის მხრიდან, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, თავდასხმებისა და სპეკულაციების სამიზნე გახდა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად. შიდა საარჩევნო პროცედურების ვადების გათვალისწინებით, პარტიული სიების წარდგენის დასრულებიდან მეორე დღეს, 2025 წლის 5 სექტემბერს, ეუთო/ოდირს გაეგზავნა ოფიციალური მოწვევა, რომელიც ადასტურებდა სრულ მზადყოფნას, მისი მანდატის ეფექტურად განხორციელებისთვის შეექმნა ყველა საჭირო პირობა. სამწუხაროდ, მოწვევაზე უარი მივიღეთ. ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტაციისა და რეგისტრაციის პროცესი ღიაა და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები, გადიან რეგისტრაციას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, გასულ კვირაში, ეუთოს წევრი 36 ქვეყნის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნული ქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ.