კახა კალაძე: PACE-ს მომხსენებლების განცხადება არის ორმაგი სტანდარტი, რადგან პარტიების სხვა ევროპულ ქვეყნებშიც აკრძალეს და ამას მიესალმებოდნენ

კახა კალაძე

ეს ადამიანები საქართველოს ხვალინდელ დღეს ებრძვიან, მათ უნდოდათ და ვერ მოახერხეს ამ ქვეყნის გამოყენება თავიანთი ინტერესების გასატარებლად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპის საბჭოს მომხსენებლების გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედთვისაც, მომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელის გამო.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი კანონი ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, თუმცა, საქართველოსთან მიმართებით ევროპის საბჭოს მომხსენებლები ორმაგ სტანდარტს იყენებენ.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. შეგვიძლია ჩამოვთავლოთ ქვეყნები, სადაც პარტიების აკრძალვა მოხდა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ, თუნდაც ეს მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში, ფინეთში, გერმანიაში და ა.შ. რაც მათთვის მისაღები არ არის, გმობენ და ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება. იგივე მოხდა ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით დაფუძნებულია სიცრუეზე, რადგან საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით.

„ეს ადამიანები საქართველოს ხვალინდელ დღეს ებრძვიან. მათ უნდოდათ და ვერ მოახერხეს ამ ქვეყნის გამოყენება თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენი პოლიტიკით, პრაგმატული ნაბიჯებით, არ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოეყენებინათ და ქართველი ხალხის ინტერესები ფეხქვეშ გაეთელათ. მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე. ხედავთ, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება თავდასხმები ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა და ა.შ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ძალიან  კარგად იცის, ვინ ებრძვის ჩვენს ქვეყანას, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე“, – აღნიშნა კალაძემ.