ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საქართველოს ბედს და ეს ამ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დადასტურდება

ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციის მხარდაჭერა და ბაზა ამ ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მცირდება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ეს მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია.

„გამომდინარე აქედან, არ არის გასაკვირი, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ისინი დასავლეთში არიან გადახვეწილები. ერთი რამე უნდა იცოდეს ყველამ, წასულებმაც და აქ დარჩენილებმაც: მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ საქართველოს ბედს და ეს ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. ოპოზიციის ნაწილი ამერიკაშია, ნაწილი ბრიუსელში, ნაწილი ბერლინში.

მმართველი გუნდის შეფასებით, ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ მათი ოპონენტები საკუთარ ქვეყანაში უცხოურ ინტერესებს ატარებენ.