1754511189
ილჰამ ალიევი ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრემიერთან შეხვედრას გამართავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე ჩვენი ქვეყნის მეთაურს მთავრობის ოფიციალური პირები დახვდნენ“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაშინგტონში ელოდებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც. მოსალოდნელია, რომ ტრამპი ალიევს და ფაშინიანს ცალ-ცალკე შეხვდება, ხოლო შემდეგ სამმხრივ შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მზაობის შესახებ გააკეთებენ განცხადებას.