გიორგი ვოლსკი „გორბის“ კვლევაზე: გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები

გია ვოლსკი

 ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევებს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. „ქართული ოცნებაში” განმარტავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ობიექტურად აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებსა თუ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მათივე თქმით, კვლევაზე დაყრდნობით ნათლად გამოიკვეთა, თუ ვის ენდობა ამომრჩეველი.

„გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები და დარწმუნებულია, რომ ის ტენდენციები, რომლებიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პოზიტიურად შეაფასა და მაღალი რეიტინგები მისცა ჩვენს ქვეყანას, არის რეალური და ამას მოჰყვება ქვეყნის სტაბილურობა და განვითარების მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდა. პრობლემების მიუხედავად, რომლებიც საზოგადოებას აქვს - ფასებთან დაკავშირებით, სოციალურ-ეკონომიკური თემები, არის რეალური და ამ რეალობას რომ თვალს უსწორებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ესეც გამოვლინდა იმ მაღალ რეიტინგში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო“, - მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% - მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.