1754139128
გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი. რა გადასახადებზეა საუბარი, ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5 მლრდ დოლარს - გურამ მაჭარაშვილი

"მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ, საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, აღნიშნული თემა მამუკა ხაზარაძისგან გასაკვირი არ არის.
"ასეთი გამოთქმა არსებობს, შენ არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო - რამდენჯერმე ვუთხარით, რომ დაანებოს პოლიტიკას თავი, რადგან არ არის მაგის საქმე, იმიტომაც სამწუხაროდ, აღმოჩნდა იქ, სადაც დღეს არის. ისიც თავისი ნებით. ამიტომ, ასეთი ადამიანისგან, რომელსაც პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ მაინც თავს არ ანებებს და შესაბამისად, აღმოჩნდა უცხოური ძალების აგენტურის შემსრულებელი, გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი და ზოგადად, უცხოური ძალები.
რა გადასახადებზეა საუბარი - ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო. მართალია, ყველა სასამართლომ უთხრა, აქეთ 7 მლნ დოლარი აქეთ გადაუხადე შენს სახელმწიფოსო. ბუნებრივია, სადაც იქნება შესაძლებელი, რომ თავი აარიდოს ნებისმიერი ტიპის გადასახადს, ასეც იქნება", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.