გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

ლიპარტ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. კომიტეტის წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანს აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა მიულოცეს და საპარლამენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, პირველი მოსმენით, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილს, კერძოდ, 283 ჰექტარ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მომზადება, ლიკანის ტერიტორიასთან დაზიანებული ტყის აღდგენით სამუშაოებს უკავშირდება.

„დაცული ტერიტორიის სტატუსის გამო, ვერ ხერხდება იმ ტყის მასივების გაკაფვა, რომლებიც დაზიანებულია და გახმობის პროცესშია. აღნიშნული ტერიტორიისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს ტყეების დაცვის და აღდგენის აქტიური მენეჯმენტი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.