„ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს“ - ნახეთ, ერთი თვის ამინდის პროგნოზი
1749155178
უსამართლო დამოკიდებულებას თავისი შედეგები მოაქვს და ევროკავშირმა თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევრობარომეტრის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ევროკავშირში იციან, რომ არც საგარეო კურსი შეცვლილა, არც არჩევნები გაყალბებულა და ისინი მაინც ჯიუტად თავისას იმეორებენ, რომ საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს.
„არცერთი მაჩვენებელი არ არის, სადაც საქართველო მოწინავეთა რიგებში არ არის. როდესაც ასეთ მოცემულობაში ქვეყნის მიმართ შეტევა ხორციელდება და ხშირ შემთხვევაში, უტიფარი რეზოლუციების მიღება ხდება, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაული“ ნამდვილად არ არის. საქართველოს ხელისუფლებას არც საგარეო კურსი შეუცვლია და ვერც ვერასოდეს გაყალბდება არჩევნები, როდესაც ელექტრონული არჩევნებია. როცა იცი, რომ ქვეყნის მიმართ უსამართლო შემოტევაა, რასაკვირველია, საზოგადოებას გარკვეული სკეპტიციზმი უჩნდება.
საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა, არ გულისხმობს, რომ საგარეო კურსი შეიცვალოს. არც ის ადამიანები უნდა განვასხვაოთ უმრავლესობისგან, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერს.
უსამართლო დამოკიდებულებას თავისი შედეგები მოაქვს და ევროკავშირმა თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს. თავადაც უწყიან, რომ არც საგარეო კურსი შეცვლილა, არც არჩევნები გაყალბებულა და ისინი მაინც ჯიუტად თავისას იმეორებენ, რომ საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს, საქართველოში რევოლუცია, „მაიდანიზაცია“ უნდა მოხდეს და აუცილებლად უნდა დაფინანსდეს ისეთი ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ მუქარაზე არიან გადასული და მათი პოლიტიკა ევროპულ სტანდარტს არანაირად არ შეეფერება. ეს მოცემულობაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს გარკვეულ სკეპტიციზმს, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„ევრობარომეტრის“ კვლევით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა წლიურად 17 პროცენტით, 2024 წლის შემოდგომასთან შედარებით, 9%-ით შემცირდა, გამოკითხულთა 51% კი, ეროვნულ მთავრობას ენდობა.