დავით მათიკაშვილი: ყოველგვარი პროვოკაციისა და ზედმეტი ჭორაობის თავიდან ასაცილებლად ვიწვევთ ეუთო/ოდირს

 დავით მათიკაშვილი

ყოველგვარი პროვოკაციისა და ზედმეტი ჭორაობის თავიდან ასაცილებლად ვიწვევთ ეუთო/ოდირს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მაქსიმალურად ხელშეწყობილი, რომ სადამკვირვებლო მისია არჩევნებს შეუფერხებლად დააკვირდეს.

„საკმარისი დროა არჩევნებამდე დარჩენილი და შეუძლიათ ჩამობრძანდნენ, ყველა პირობა შეიქმნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოახდინონ მათი სადამკვირვებლო მისიის ბოლომდე რეალიზება. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ დასკვნასაც იგივე ბედი არ ექნება, რაც წინ დასკვნას, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.