არჩილ გორდულაძე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: დაზარალებულ პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად, გამართულად, დროში შემჭიდროებულ ვადაში ჰქონდეთ შესაძლებლობა ზიანი აინაზღაურონ

არჩილ გორდულაძე

დაზარალებულ პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად, გამართულად, დროში შემჭიდროებულ ვადაში ჰქონდეთ შესაძლებლობა ზიანი აინაზღაურონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი დაინერგება.

მისი თქმით, დაინერგება მექანიზმი, რომლითაც დაზარალებული მხარე შეძლებს მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

„ინსპირაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ რამ გამოიწვია ამ კანონპროექტის, ზოგადად ამ პაკეტის შემუშავება. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ მომრავლდა იმ დანაშაულთა რიცხოვნობა, სადაც ადამიანები, დამნაშავეები სხვა ადამიანებს აყენებენ მატერიალურ ზიანს და შემდეგ ისინი არიან წამსვლელები მათ შორის თავისუფლების აღკვეთაზეც რამდენიმე წლით. შემდეგ გამოვლენ საპატიმროებიდან და „შეირგებენ“ იმ მიყენებულ ზიანს, რომლითაც დააზიანეს დაზარალებული ადამიანები და ვითომც არც არაფერი არ მომხდა. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ჩარჩო ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მაგრამ არის რთული მექანიზმი, სამოქალაქო საქმის წარმოებით უნდა მოხდეს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება, რომელიც თავისთავად დროში გაწელილი პროცესია. ამავდროულად, შესაძლებელია დამნაშავემ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ან ის ქონება, რომლითაც ზიანი უნდა აენაზღაურებინა გადამალოს სხვის საკუთრებაში და ამით პასუხისმგებლობას გაექცეს. სწორედ ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით ამავდროულად იმის პრევენციის მოსახდენად, რომ ადამიანები კარგად დაფიქრდნენ სანამ დანაშაულზე წავლენ და სანამ სხვა ადამიანებს დააზიანებენ. შემუშავებული იქნა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სხვადასხვა საკითხს არეგულირებს. კერძოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუდგება როგორიც არის დიდი ოდენობით ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ქონების მითვისება, თაღლითობა და სხვა დანაშაულები კიდევ, ამ დანაშაულებში მსჯავრდადებული ადამიანი ანუ ის ადამიანი, რომელმაც სხვა დაზარალებულს მიაყენა ზიანი ვალდებული იქნება, რომ აანაზღაუროს ზიანი თანხობრივად ან მატერიალური სახით მიყენებული. ამავდროულად, თითქოს სამართლებრივი წესით განისაზღვრება, რომ ამ ადამიანს ჩამოერთმევა ყველა ქონება და მიემართება დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად. ამავდროულად, დამნაშავის ოჯახის წევრებს თუ ექნებათ დაუსაბუთებელი ქონება, ეს ქონებებიც არა სახელმწიფოს ბალანსზე იქნება ასახული, არამედ დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიემართება. ამავდროულად, პირებს თუ ექნებათ ნებისმიერი სხვა ქონება, ვთქვათ გადამალული, სხვაა პირებისთვის გადაცემული ეს ქონებაც ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულისთვის გადაცემისთვის მიემართება. გამარტივებული სააღსრულებო წარმოება იქნება ამ ყველაფრისთვის გათვალისწინებული, რათა მაქსიმალურად მოხდეს ზიანის მიმყენებლის საწინააღმდეგოდ და დაზარალებულის სასარგებლოდ ქონებების ჩამორთმევა და შესაბამისად დაზარალებულის ზიანის ანაზღაურება.

ამავდროულად რიგი ცვლილებები მის მოსმენების დროს კვლავ იქნება შემუშავებული იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი გამართული მექანიზმი, რომელთაც ერთ შემთხვევაში უკვე არსებულ დაზარალებულ პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად, გამართულად, დროში შემჭიდროებულ ვადაში ჰქონდეთ შესაძლებლობა ზიანი აინაზღაურონ, ამავდროულად მოხდეს პრევენცია, რომ ახალი დანაშაულები არ იქნეს ჩადენილი.

აქვე მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთის აკრძალვა. სასამართლოს ექნება პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მაგალითად თაღლითი, რომელიც მოიხდის თავის სასჯელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როდესაც გათავისუფლდება მას დანაშაულის ხანდაზმულობაზე ორმაგი ოდენობით, ორმაგი ვადით ექნება აკრძალული საზღვრის გადაკვეთა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის და რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი ინერგება, ბიუროს სხდომაზეა ინიციირებული. ცვლილებებით მარტივდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დამნაშავე პირის, მისი ოჯახის წევრისა თუ დაკავშირებული პირისგან, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება. პროკურორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ვიდრე მსჯავრდადებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს. პროექტი ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობასაც.