ალექსანდრე წულაძემ ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ლონდონში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს საელჩოში მიღება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის მიღწევები, განხორციელებული პროექტები და ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი გააცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალექსანდრე წულაძე: „საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ბრიტანული უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების მოზიდვისა და ინტეგრირების ხელშეწყობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და მართლაც ხელშესახები შედეგები გვაქვს.

გადაიდგა არაერთი ნაბიჯი ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, რათა ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ, საქართველოში მაღალი ხარისხის ბრიტანული განათლება და კვალიფიკაცია მიიღონ. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი – დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციამ „Times Higher Education“, სამინისტროსთან და ბრიტანეთის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2024 წელს ჩატარებულ სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობითა და საქართველოს პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიმუშავა.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებისთვის განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს ასახავს. შესაბამისად, ის მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ტრანსნაციონალური განათლების განვითარების მიმართულებით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შესაბამისი გარემო იყოს უზრუნველყოფილი საქართველოში ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

მჯერა, განათლების გაძლიერებით ქვეყნებსა და ადამიანებს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მყარი საფუძველი იქმნება და ბრიტანეთთან პარტნიორობა მართლაც ძალიან წარმატებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს.

ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში გვერდში გვიდგას ჩვენი ერთგული პარტნიორი ბრიტანეთის საბჭო და მე გულითადი მადლობა მინდა, გადავუხადო მის წარმომადგენლებს სამაგალითო თანამშრომლობისთვის.“


ღონისძიებაზე ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე და სამომავლო პერსპექტივებზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას შესაბამისი პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მინისტრსა და მოადგილეს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველომ ოფიციალური მიღების სახით ლონდონში უმასპინძლა ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. კერძოდ, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს (British Council), დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (Universities UK International), ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (Westminster University), ბათის უნივერსიტეტის (University of Bath), ჰერიოტ-უოთის უნივერსიტეტის (Heriot-Watt University) და NCUK-ის უნივერსიტეტში სწავლის საგზაო პროგრამების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი საგანელიძემ და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ზაზა ფურცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე წულაძემ განათლების მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, ამასთან, განათლების სფეროში ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაფართოების მიზნით, მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.