1752006995
ახალი საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარება, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მოწოდება - რას მოიცავს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც კენჭს უყრიან შესაბამის რეზოლუციას. კენჭისყრა აღნიშნულ საკითხზე ხვალ არის დაგეგმილი.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველო ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს ვალდებულებებს და რომლის შედეგადაც შეიქმნა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიისგან, „ქართული ოცნებისგან“ შემდგარი არალეგიტიმური პარლამენტი, ხოლო გაყალბებული არჩევნები მოიცავდა ამომრჩევლების დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას და დამკვირვებლების დევნას. პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი სისტემატურად ერევა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო გადადებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უარს იტყვის მის ფინანსურ დახმარებაზე 2028 წლის ბოლომდე, რაც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ფაქტობრივად, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს“.
ტექსტში ვკითხულობთ, რომ „ქვეყნის განვითარების მიმართულების შესახებ შეშფოთებამ და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შეჩერების გადაწყვეტილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რა დროსაც მომიტინგეები მოითხოვდნენ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას, პოლიტიკური ძალადობისა და რეპრესიების დასრულებას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გამოძიებას და ანგარიშვალდებულებას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“.
„საპროტესტო აქციები ყოველდღიურად უწყვეტად იმართება 2024 წლის 28 ნოემბრიდან. 2025 წელს ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ფარგლებში, ათობით ათასი მოქალაქე გამოვიდა მთავრობის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც აღქმული იყო ევროკავშირთან ინტეგრაციიდან გადახვევად.
თვითორგანიზებული და სპონტანური ეს საპროტესტო აქციები, რომლებშიც ქართული საზოგადოების ყველა ფენა ჩაერთო, ხაზს უსვამს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული მმართველობის მიმართ.
მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების უპრეცედენტო ძალადობრივი ჩახშობა, რასაც თან ახლდა ძალის უკანონო გამოყენება, წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. 2024 წლის ნოემბრიდან, სულ მცირე, 62 ადამიანს წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდება პროევროპულ პროტესტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და 54 კვლავ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული პროცედურებით, რომელთაგან დაახლოებით 300-მა, გავრცელებული ცნობებით, განიცადა წამება ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფორმები, მათგან, სულ მცირე, 157-ს აღენიშნებოდა თვალსაჩინო სერიოზული ფიზიკური დაზიანებები“, -აღნიშნულია პროექტში.
დოკუმენტის თანახმად, „„ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლება სისტემატურად ახორციელებს ზეწოლას, სამართლებრივ შეზღუდვას და ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. 2024 წლის ნოემბრიდან პროევროპული საპროტესტო აქციების ან მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კონტექსტში მედიის თავისუფლების დარღვევის, სულ მცირე, 138 ინციდენტი დაფიქსირდა და სახელმწიფო რეპრესიების სამიზნე, სულ მცირე, მედიის 174 თანამშრომელი გახდა. სულ მცირე, 30 რეპორტიორი არაერთხელ დაზარალდა, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის, პროფესიული აღჭურვილობის დაზიანების, ადმინისტრაციული ჯარიმების, სისხლის სამართლის ბრალდებებისა და სასამართლო დევნის გზით. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შეთხზული ბრალდებებით“.
პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საჯარო სამსახურში პროევროპულ რეფორმებზე პასუხისმგებელი სტრუქტურების რესტრუქტურიზაციას ან გაუქმებას და მასობრივად ათავისუფლებს პროფესიონალებსა და საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც აკრიტიკებს მთავრობის პოლიტიკას, გამოხატავს პროევროპულ შეხედულებებს და გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას“.
„არალეგიტიმურმა საქართველოს პარლამენტმა შექმნა 2003-2012 წლების რეჟიმისა და პოლიტიკური ფიგურების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც იმ პერიოდს სწავლობს, როდესაც სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგა და გზას უკვალავდა საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებს.
ეს კომისია პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით, ოპოზიციური მოძრაობების ლიდერების დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2025 წლის 22 მაისს, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე დააკავეს უარისთვის, გამოცხადდეს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ და კონტროლირებად პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიაზე, რომლის გრძელვადიანი ამბიციაა საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა. 2025 წლის 29 მაისს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს სასამართლოში გამოცხადების ვადამდე ერთი დღით ადრე, დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის თქმის გამო“, – ნათქვამია ტექსტში.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, „ხელისუფლებაში თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად და კონსულტაციების გარეშე მიიღო ცვლილებები მუნიციპალურ საარჩევნო სისტემაში 2025 წლის ოქტომბრის საკრებულოების არჩევნებისთვის“.
„ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ამ ცვლილებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების პროცესის რეფორმები კიდევ უფრო უთხრის ძირს არჩევნების სამართლიანობას, ზღუდავს მოქალაქეთა მონაწილეობას და ზღუდავს დამკვირვებლებისა და მედიის შესაძლებლობას, ეფექტურად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: „უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებისკენ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობა და სტერეოტიპები კვლავ არსებობს, რაც იწვევს გენდერული ნიშნით ძალადობის მაღალ დონეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მკაცრ შეზღუდვებს და LGBTI-თემის წინააღმდეგ ძალადობასა და შევიწროებას. სახლში დაუცველობის გამო, ბევრი LGBTI-პირი ირჩევს ქვეყნიდან გაქცევას. გაუპატიურების სამართლებრივი განმარტება არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გრძელდება ხელისუფლების მიერ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად“.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი კვლავ მზადაა, დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში.
„რეზოლუციის პროექტი მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ბოლო დროს მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას, განსაკუთრებით გამოძალვითი ჯარიმების გზით; გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირების მქონე მაღალი რანგის მოსამართლეები ზედამხედველობენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
პროექტის თანახმად, „ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. იხსენებს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა ეჭვის არსებობით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების უკვე არსებული შემაშფოთებელი ტრაექტორიის მიუხედავად, რომელიც სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს. ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს საქართველომ წინ არ წაიწია და ფაქტობრივად, უკან დაიხია კომისიის მიერ წარდგენილი ცხრა ნაბიჯის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რაც გახდა ავტორიტარული რეჟიმისკენ აშკარა გარდამტეხი მომენტი, რასაც მოჰყვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომი უკანონო მიტაცება და ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის მიღება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაფუძნებულ ღირებულებებსა და პრინციპებს. ევროპარლამენტი ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ საქართველოს გზას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს“.
დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი გმობს 2024 წლის დეკემბრიდან დაახლოებით 700 საჯარო მოხელის გათავისუფლებას პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ან მათი მხარდაჭერის გამო; ხაზს უსვამს, რომ ასეთი ანგარიშსწორება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, არღვევს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ხელს უწყობს მოქმედი რეჟიმის ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას შრომის კანონმდებლობის სტანდარტები და მისცეს საჯარო მოხელეებს პროფკავშირის რეგისტრაციის უფლება, რათა დაიცვან ისინი მათი შრომითი უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისგან; გამოხატავს შეშფოთებას საჯარო სამსახურში დანიშვნების მზარდი პოლიტიზაციის გამო და მოუწოდებს, გააუქმოს 2024 წლის დეკემბერში მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც აუქმებს საჯარო მოხელეების დანიშვნას კონკურსის წესით და ამის ნაცვლად საჯარო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს პირდაპირი დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს; კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ცვლილებები წარმოადგენს შემაშფოთებელ უკუსვლას წარმატებული საჯარო სამსახურის რეფორმიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა და მოუწოდებს მათი გაუქმებისკენ“.
„რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას, მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის და სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევებისა და ევროკავშირის წარმატებული რეფორმების კუთხით რეგრესს, ფუნდამენტურად ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კიდევ უფრო აძლიერებს ძალაუფლებას მმართველი პარტიის ხელში; ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ საქართველოს ვალდებულებების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობებზე დაფუძნებული შეჩერება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი იმ ფაქტის გამო, რომ „მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია რეგულარულად ავრცელებენ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების, ლიდერებისა და პოლიტიკოსების, ასევე ევროპული ინტეგრაციის შესახებ“;
პროექტის თანახმად, „მმართველი პარტიის რეჟიმი აგრძელებს მიზანმიმართულად მატყუარა და ორაზროვან დისკურსს, რაც ქართული საზოგადოების ნაწილში აღვივებს ცრუ რწმენას, რომ ის კვლავ ევროპული ინტეგრაციის მომხრეა“. რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია წუხილი „იმ ფაქტის გამო, რომ მედიასა და საინფორმაციო გარემოში დომინირებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიები და მედიასაშუალებები, რომლებიც ავრცელებენ ცრუ ნარატივებს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რითაც ბაძავენ და იყენებენ რუსულ პროპაგანდას, ხელს უწყობენ საზოგადოებაში პოლარიზაციას“.
პროექტი ხაზს უსვამს „ბიძინა ივანიშვილის და სხვა ოფიციალური და პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურის, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე დემოკრატიული უკუსვლის დაშვების გზით, რაც იწვევს ხელისუფლების ავტოკრატიულ კონსოლიდაციას, და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციური მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედების გზით“.
შესაბამისად, „მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და მოუწოდებს ევროკავშირს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები; გმობს უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობების მიერ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების შეფერხებას; გმობს უნგრეთის მთავრობის ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად“.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს; შესაბამისად, უარყოფს ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, როგორიცაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება; სინანულს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებთან; მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ უფლებამოსილების უარყოფას, რამაც გამოიწვია საქართველოს დელეგაციის გასვლა.
ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის მუდმივ მცდელობებზე, მათ შორის მათი უკანონო დაპატიმრებისა და დაკავების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით; კიდევ ერთხელ გამოდის პოლიტიკურად მოტივირებული მტრული მოქმედებების დასრულების, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და პარტიებს შორის ნდობისა და დიალოგის აღდგენის მოწოდებით.
ევროპარლამენტი გმობს პოლიტიკური ოპონენტების უკანონო დევნას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის მიერ, რომელიც არაპროპორციულად დევნის იმ მთავრობის ქმედებებს, რომელმაც თორმეტ წელზე მეტი ხნის წინ დაასრულა თავისი მანდატი; ხაზს უსვამს „გამოძიების“ პოლიტიკურ ხასიათს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, მაგრამ საგამოძიებო კომიტეტი შექმნა ნამდვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების პარალელურად; შეშფოთებით აღნიშნავს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებებს, რომლებიც რუსულ ნარატივებს ავრცელებს; მკაცრად გმობს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას დაპატიმრებას, სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების მუქარას და ამ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტში ასევე გამოთქმულია ღრმა შეშფოთება „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ ოპოზიციური პარტიების – პირველ რიგში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების განზრახვაზე“.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ „„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში; აღნიშნავს პარალელებს „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებსა და კრემლის ამჟამინდელ რეჟიმს შორის, რომელმაც თავისი მმართველობა ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადებით განამტკიცა; გმობს 2025 წლის 13 მაისს მიღებულ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „კონსტიტუციური სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემს უფლებამოსილებას, ფაქტობრივად და თვითნებურად აკრძალოს ყველა ოპოზიციური პარტია“.
„ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება; გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
პროექტი ხაზს უსვამს, რომ „ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური კურსის ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება“; პროექტი „მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით დაწყებული; კვლავ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად; აქებს განვითარების დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე ქვეყნის მშვიდობიანად დაბრუნების მის მცდელობებს“.
ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში აღნიშნავს, რომ „2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობისთვის; მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენოს ამ არჩევნებით შექმნილი შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ, როგორც უკვე ნაჩვენები იყო საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციებისა და რეპრესიების წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე; მოუწოდებს, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.
რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, ამ კონტექსტში, ევროპარლამენტი „ღრმად შეშფოთებულია მუნიციპალური არჩევნების წინ საარჩევნო სისტემისა და საერთო დემოკრატიული გარემოს შემდგომი გაუარესებით. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებით, რომლებიც ძირს უთხრის თანასწორი საარჩევნო უფლების პრინციპს და მიზნად ისახავს მმართველი პარტიის დომინირების განმტკიცებას მმართველობის ყველა დონეზე; იხსენებს, რომ ეს შესწორებები გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და მოუწოდებს მათ გაუქმებისკენ; მოუწოდებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ დამატებითი ინდივიდუალური სანქციების დაწესება ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, თუ მომავალი მუნიციპალური არჩევნები ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს“.
პროექტში ასევე ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის გარემოს განზრახ და მუდმივ განადგურებას, რუსული სტილის რამდენიმე შემზღუდველი საკანონმდებლო აქტის მიღებით, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის, ხელისუფლების მხრიდან მუქარებითა და სტიგმატიზაციით; მკაცრად გმობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ყველა გრანტის სახელმწიფო რეგისტრაციას და ავალდებულებს უცხოელ დონორებს, მიიღონ აღმასრულებელი ორგანოების ნებართვა ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად; წუხს ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად საზოგადოებრივი დაფინანსების ინიციატივებისა და კამპანიების საბანკო ანგარიშების გაყინვის გამო; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება, მუქარები, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქართველოში; გმობს რამდენიმე ევროპელი ჟურნალისტისთვის საქართველოში შესვლაზე უკანონო და დაუსაბუთებელ უარის თქმას“.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „გმობენ შესაბამისი საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე, ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო აქტებს, რომელიც შემდგომი პოლიტიკური დევნის საშუალებას იძლევა, ზღუდავს შეკრების უფლებას და კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციისთვის თავისუფლად მოქმედების სივრცეს, მათ შორისაა რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი, ისევე როგორც ახალი შემზღუდველი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში; მოუწოდებს ქართულ ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები; ხაზგასმით აღნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ქცევას, მათ შორის მის სტრატეგიულ თანხვედრას რუსეთის ფედერაციასთან და რომ ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების დაჩქარებული მიღება, ასახავს მოვლენების ასეთივე განვითარებებს თავად რუსეთშიც“.
დოკუმენტი „მაღალ შეფასებას აძლევს გასულ თვეებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დოკუმენტირება და ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო განხილვების გაძღოლის საკუთარ თავზე აღება, სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად, მუდმივი თავდასხმების, სამოქალაქო სივრცის კრიმინალიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე“.
ტექსტი ხაზს უსვამს „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გადაუდებელ აუცილებლობას, მზარდი რეპრესიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების გათვალისწინებით, და შესაბამისად, სთხოვს კომისიას, გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა და განახორციელოს იგი ყოველგვარი შეფერხების გარეშე; მოუწოდებს, ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმები მორგებულ იქნას მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოში წარმოშობილ საჭიროებებზე და თანხები გადანაწილდეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველების პირდაპირი მხარდაჭერისთვის; ამასთან დაკავშირებით კიდევ ხაზს უსვამს, რომ წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, მიიღონ და დაეხმარონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი მუშაობის გაგრძელება დევნილობაში“.
„ქართული ოცნება“ არა მხოლოდ უარყოფს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, არამედ იგი უარყოფს ზოგადად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და დემოკრატიულ სტანდარტებს, სწრაფად მოძრაობს უარყოფითი ტრაექტორიით, რაც მანამდე იყო დაფიქსირებული რუსეთში; ევროპარლამენტი ღრმად არის შეშფოთებული კერძოდ იმით, რომ ამას ექნება შემდგომი უარყოფითი ეფექტი ქალების, უმცირესობების, მიგრანტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ლგბტი ადამიანების, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანებისა და სხვა მოწყვლადი ან რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების უფლებებსა და კეთილდღეობაზე; მკაცრად გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის ოქტომბერში ანტი-ლგბტი საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც ასახავს ავტორიტარულ, რუსული სტილის პოლიტიკას და არღვევს ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიას, და მოუწოდებს მისი გაუქმებისკენ; მოუწოდებს, აღადგინოს გენდერული კვოტები, რომლებიც გაუქმდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის აპრილში; მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების შეფასებისას, ადეკვატურად გაითვალისწინონ ფაქტი, რომ საქართველოს ახლა აქვს ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული ლგბტი საწინააღმდეგო კანონები ევროპაში; შეშფოთებულია საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვის არ არსებობით.
რეზოლუციის პროექტი ადასტურებს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები დემოკრატიული უკუსვლისა და ადრინდელი ვალდებულებების შეუსრულებლობის საპასუხოდ, არ ასახავს საქართველოში მდგომარეობისა და მისი შედეგების სიმძიმეს რეგიონში; წუხს პროაქტიული ზომების არ არსებობისა და ზოგადად, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის შეზღუდული და დაგვიანებული რეაქციის გამო; ხაზს უსვამს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვნების არარსებობამ არ უნდა შეუშალოს ხელი მათ, ვისაც სურს შესაბამისი და ეფექტური ზომების მიღება; მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას სასწრაფოდ გააერთიანოს მსგავსი შეხედულებების მქონე წევრი სახელმწიფოები კოორდინირებული ქმედებისთვის და ამით გადალახოს პოლიტიკური ბარიერები ევროკავშირის სანქციების დასაწესებლად“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
დოკუმენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე შემოიღონ პირადი სანქციები „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, მართლმსაჯულების სისტემაში, სამართალდამცველ უწყებასა და საარჩევნო კომისიაში რეჟიმის ხელშემწყობთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; დამატებით მოუწოდებს სანქციების გავრცელებას რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ, რეპრესიული ზომების განხორციელებაზე პასუხისმგებელი საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე და მათ შენარჩუნებას, ვიდრე საქართველოში დემოკრატია სათანადოდ არ აღდგება; მიესალმება ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთის, გერმანიისა და პოლონეთის, ასევე მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორების, როგორიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო, კანადა და უკრაინა, მიერ ორმხრივი სანქციების დაწესებას და მოუწოდებს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ ამ მაგალითს; მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას“.
ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი „მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის, როგორც პირველი ნაბიჯი საქართველოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენების საპასუხოდ; კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ მმართველი პარტიის ქმედებების გამო არ იქნება დაცული დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესაბამისი სტანდარტები; ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე; ხაზს უსვამს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტებისთვის, სხვათა შორის, როგორც ევროკავშირში ევროპელი აქტორების ინფორმირების მიზნით გამგზავრებისთვის, რათა აცნობონ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე მათთვის ქვეყნის სწრაფად დატოვების შესაძლებლობის მისაცემად, რადგან ბევრი მათგანი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნის წინაშე დგას“.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი წუხს იმ ფაქტის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს არღვევს და აშორებს თავის მოკავშირეებს, რომლებიც მას მთელი პროცესის განმავლობაში უჭერდნენ მხარს; წუხს, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით და რომ საქართველოს თანხვედრის დონე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) კვლავ შესამჩნევად დაბალია, 49%-ის ოდენობით, რაც აჩვენებს მის ერთგულების ნაკლებობას ევროპული ინტეგრაციის მიმართ; ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი მოითხოვს ევროკავშირის CFSP-სთან სრულ თანხვედრას, ყველა კანდიდატი ქვეყნის მოლოდინების შესაბამისად; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო არ მონაწილეობს ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეუსაბამობა თვითიზოლაციას იწვევს და რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმი ამწვავებს არასტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შავ ზღვაში“.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველო, ამჟამინდელი მთავრობის ხელმძღვანელობით, ისეთი მიმართულებით მოძრაობს, რომელიც მას რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს, ისევე როგორც ბელარუსი; წუხს იმ ფაქტის გამო, რომ იმ დროს, როდესაც დემოკრატიული სამყარო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად ეთანხმება კრემლის პოლიტიკასა და რიტორიკას, რითაც ხელს უწყობს ისტორიულ რევიზიონიზმს; აღნიშნავს, რომ საქართველო არ ეთანხმება რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდ უმრავლესობას, მაგრამ აცხადებს, რომ თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად; თუმცა, გამოხატავს შეშფოთებას იმ ცნობების გამო, რომლებიც ამტკიცებენ საქართველოს როლს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების თავიდან არიდების ხელშეწყობაში; შესაბამისად, მოუწოდებს ევროკომისიას, ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება ასეთ ბრალდებებთან დაკავშირებით“.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი შეშფოთებით აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლოდროინდელ სტრატეგიულ შემობრუნებას ჩინეთისკენ და მის მზარდ თანამშრომლობას ირანთან; აღნიშნავს „ქართული ოცნების“ საჯარო მხარდაჭერას ჩინეთის გეოსტრატეგიული ინიციატივებისა და გაძლიერებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მიმართ, მათ შორის ჩინეთის დაქვემდებარებაში არსებული კონსორციუმისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მინიჭების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ ასეთი ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გაცხადებულ ვალდებულებას.
ის ხაზს უსვამს, რომ ანაკლიის პროექტი ამჟამად რისკის ქვეშაა, რომ რეგიონში ჩინეთის პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური გავლენის გაზრდის საშუალებად იქცეს, რითაც კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს მისი სტრატეგიული პარტნიორებისგან დასავლეთში; ამასთან დაკავშირებით მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, გადახედონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეაჩერონ ან გადაამისამართონ რეგიონული დაკავშირებადობის პროექტების დაფინანსება; გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოსა და თეირანს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ზრდასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს საქართველოს შემდგომი იზოლაცია“.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი „აფრთხილებს, რომ საქართველოს მიმდინარე სწრაფვა ავტორიტარიზმისკენ და რუსეთთან მზარდი დაახლოება ევროპის უსაფრთხოებისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს, განსაკუთრებით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და შავ ზღვაზე წვდომის თვალსაზრისით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის რეგიონში ძალაუფლების პროეცირებისთვის; ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სტრატეგია შესაძლოა, სხვაგანაც იქნას გამოყენებული, როგორც სახელმწიფოს ჰიბრიდული მიტაცების სახელმძღვანელო; შეშფოთებულია რეგიონული შედეგებით და აფრთხილებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროპის ქმედებების სანდოობა საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით ევროკავშირის შავი ზღვის მომავალი სტრატეგიის მოლოდინში“.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი „ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობით, დაახლოებითა და იდეოლოგიური მიახლოებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ოკუპაციის მიუხედავად; გმობს „ქართული ოცნების“ მიერ რუსული დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ხელშეწყობას და მასში მონაწილეობას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საზოგადოების უცვლელ და უკიდურესად მაღალ მხარდაჭერას; სინანულს გამოთქვამს ევროკავშირთან თანამშრომლობის ნაკლებობაზე უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
„ევროპარლამენტი კვლავ უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას და „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეინარჩუნოს მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ და მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს აქტიური ჩართულობა კონფლიქტების მოგვარებაში, ადამიანის უფლებების მონიტორინგსა და დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერაში“, – აღნიშნულია პროექტში.
რეზოლუციის პროექტი „რეკომენდაციას უწევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გაძლიერებას გაზრდილი რესურსებითა და უფრო ფართო მანდატით უცხოური ჩარევისა და საზღვარზე დესტაბილიზაციის მონიტორინგისთვის; მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ადეკვატური დაფინანსება და პერსონალი მიმდინარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კრიზისზე რეაგირებისთვის“.
„ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 30 მილიონი ევროს ღირებულების ევროპული სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერა სამართლიანად შეჩერდა 2024 წელს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ და რომ 2025 წლისთვის მხარდაჭერა არ არის დაგეგმილი; ხაზს უსვამს, რომ ამ შეჩერებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოს ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამომავლო ფინანსური დახმარება შეიძლება, ავტორიზებული იყოს მხოლოდ იმ პირობით, რომ თვითგამოცხადებული რეჟიმი გადადგება და ჩატარდება სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნები“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.