„ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული უმძიმესი კადრების შემქმნელები და მონაწილეები დაკავებულები არიან - დანაშაულის ახალი დეტალები

ძალადობა მოზარდზე - დაკავება

„ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული უმძიმესი ვიდეო კადრების შემქმნელები და მონაწილეები დაკავებულები არიან - ე.წ. ფაშისტური ჯგუფი, რომელმაც მოზარდი გაიტაცა, იარაღებით დაემუქრა, დაჩოქილს დანით ჭრილობები მიაყენა და ჯგუფის ლიდერისთვის ბოდიში მოახდევინა.

დაკავებულია ცხრა პირი - როგორც ფაქტის მონაწილეები, ასევე ე.წ. ფაშისტური ჯგუფის ლიდერი 30 წლის მამაკაცია. საქმის სხვა ფიგურანტები 18 წლის, ან არასრულწლოვანები არიან.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოზარდმა „ტიკტოკზე“ გამოქვეყნებულ ფაშისტურ ვიდეოზე უწყინარი კომენტარი დაწერა. ამის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი მასთან გოგო წევრის დახმარებით კონტაქტზე გავიდა, მოტყუებით შეხვდა და გაიტაცა.

წამების კადრები მათ სოციალურ ქსელში დამცირების მიზნით, თავად გაავრცელეს.

ადვოკატის, მაკა ბერიძის განცხადებით, დაზარალებული შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობდა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

„ფაქტი, დაახლოებით, მოხდა 10-11 დღის წინ. უმძიმესი ფაქტია, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობა. ბავშვი, ფაქტის შემდეგ, იმყოფებოდა საავადმყოფოში, მკურნალობდა. დღეს, უკვე სახლშია და მკურნალობას აგრძელებს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ცუდია, იმყოფება ფსიქოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ,"- განაცხადა მაკა ბერიძემ.

ბრალდებულის ადვოკატი, ნიკო გიგოლაშვილი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს.

„ჩვენი ინტერესია, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. მეც, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, ველოდები საბოლოო შედეგს, ჯერჯერობით, გამოძიება მიმდინარეობს. უტყუარი მტკიცებულება, რომ იღებდა მონაწილეობას არ გვაქვს, არც ვიდეო ფირი არ არსებობს“, - განაცხადა ნიკო გიგოლაშვილმა.

პროკურორის, ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებულს დანის გამოყენებით სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა დაზიანება.

„ბრალდებულებმა, ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანზე, რომლებმაც დანის გამოყენებით სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა დაზიანება, რის შემდეგაც, ღირსების შემნახველი ინფორმაცია მობილური ტელეფონით გადაიღეს.“, - განაცხადა პროკურორმა.