უკრაინა და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ თავდაცვითი წარმოების მექანიზმის შექმნაზე - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

რუსტემ უმეროვი

უკრაინა და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ თავდაცვითი წარმოების მექანიზმის შექმნაზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებმა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე მიიღეს.

უმეროვის თქმით, ახალი ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით დასავლურ ქვეყნებს, რომლებმაც შესთავაზეს დახმარება ახალი თავდაცვითი წარმოების ასამუშავებლად.

„პარტნიორებმა მომართეს კითხვით, შეუძლიათ თუ არა უკრაინულ კომპანიებს, ააშენონ საწარმოები მათ სახელმწიფოებში, რათა აწარმოონ უახლესი პროდუქცია. ჩვენი პარტნიორები მზად არიან, სრულად გადაიხადონ წარმოებისთვის და პროდუქცია მიემართება უკრაინისკენ, ვიდრე ომი გაგრძელდება. ამ ინიციატივით, უკრაინელი მწარმოებლები შეძლებენ ინვესტიცია ჩადონ პარტნიორ სახელმწიფოებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

უმეროვს არ დაუკონკრეტებია, რომელმა სახელმწიფოებმა გამოხატეს დაინტერესება საინვესტიციო თანამშრომლობაში, მაგრამ ცნობილია, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მხარი დაუჭირა უკრაინული შორეული მოქმედების იარაღის წარმოებას.