ტრამპის სურვილი, დაასრულოს ომი უკრაინაში, შესაძლოა რუსეთსა და აშშ-ს შორის გარიგებაში გადაიზარდოს - ამ გარიგებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მთელ ევროპას, მათ შორის თავად უკრაინელებს - POLITICO

ტრამპი

გამოცემა POLITICO წერს, რომ დონალდ ტრამპის სურვილი, დაასრულოს ომი უკრაინაში, რაც ბოლო დროს მოულოდნელად გააქტიურდა, შესაძლოა რუსეთსა და აშშ-ს შორის გარიგებაში გადაიზარდოს - ამ გარიგებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მთელ ევროპას, მათ შორის თავად უკრაინელებს.

პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ ევროპაში თხევადი გაზის (LNG) მთავარი მიმწოდებელი გახდა. ეს ტენდენცია განაპირობა, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ასევე წინა წლებში ევროპის არაერთი მთავრობის გაწეულმა ძალისხმევამ.

თუმცა, ამჟამად ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებში იზრდება შეშფოთება, რომ ტრამპი, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მიზნით, რუსეთს შესთავაზებს პოლიტიკურ და სავაჭრო დათმობებს, რაც, კერძოდ, რუსეთის ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნებასაც შეეხება.

ამგვარ შეშფოთებას გამოთქვამენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ყოფილი და მოქმედი დიპლომატები, ასევე ამერიკელი ექსპერტები და დარგის მოღვაწეები.

POLITICO-ს ინფორმირებული წყაროების ცნობით, ამჟამად თეთრ სახლში ორი ფრაქცია უპირისპირდება ერთმანეთს - პირველი ფრაქცია უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ნებისმიერ ფასად ესწრაფვის. მეორე ფრაქცია, რომელსაც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები წარმოადგენენ, აფრთხილებს მძიმე შედეგების შესახებ ამერიკული გაზის მომპოვებელი სექტორისთვის, თუ აშშ რუსეთს ევროპის ბაზარს დაუთმობს.

მაგალითად, ტრამპის შუამავლობით დადებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა გაითვალისწინოს ამერიკული სანქციების მოხსნა რუსულ თხევად გაზზე.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, აღარასოდეს დაუბრუნდნენ „გაზპრომს“, დასავლეთ ევროპამ შესაძლოა სიტუაცია სხვანაირად დაინახოს. ეს კი კონტინენტზე გარკვეულ განხეთქილებას გამოიწვევს.

„ზოგიერთი შიშობს, რომ ტრამპის მიდრეკილება სანახაობებისა და ჰიპერბოლიზმისადმი უბიძგებს მას რუსეთთან ისეთი სამშვიდობო შეთანხმებისკენ, რომელიც დაასუსტებს უკრაინას და ძირს გამოუთხრის აშშ-ის ექსპორტს“, - ასკვნიან პუბლიკაციის ავტორები.