1754139128
თეთრ სახლში 200 მილიონ დოლარად სამეჯლისო დარბაზს ააშენებენ

აშშ-ის ხელისუფლება 200 მილიონ დოლარად თეთრ სახლში სამეჯლისო დარბაზის აშენებას აპირებს. ინფორმაციას თავად თეთრი სახლი ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამეჯლისო დარბაზის აშენება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნაა.
დარბაზის ასაშენებლად საჭირო თანხებს თავად ტრამპი და სხვა ანონიმური დონორები გამოყოფენ. სავარაუდოდ სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება.
ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ თეთრ სახლში სამეჯლისო დარბაზის აშენება სურს. 2016 წელს მან აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას 100 მილიონი დოლარის გამოყოფა შესთავაზა, თუმცა მაშინ მისი ეს იდეა უარყვეს.
„150 წლის მანძილზე პრეზიდენტები, ადმინისტრაცია და თეთრი სახლის თანამშრომლები თეთრი სახლის კომპლექსში ღონისძიებების მოსაწყობად დიდ დარბაზზე ოცნებობდნენ, რომელსაც გაცილებით მეტი ადამიანის მიღება შეეძლებოდა, ვიდრე დღეს. პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომავალი ადმინისტრაციებისა და ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ამ პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა გამოხატა“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი „ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ისტორიული შენობაა“ მსოფლიოში, თუმცა ახლა მას შენობის შესასვლელთან „დიდი და უსახური კარვის“ დადგმის გარეშე მსოფლიო ლიდერებისა და სხვა ქვეყნების პატივსაცემად დიდი ღონისძიებების მასპინძლობა არ შეუძლია.
სამეჯლისო დარბაზს დახვეწილი დიზაინი და კარგად შესრულებული ინტერიერი ექნება. სივრცე 650 ადამიანზე იქნება გათვლილი. ის ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აშენდება.