სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
1749326355
უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა სპეცოპერაციამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მთელი მსოფლიო გააკვირვა. იერიშს, რომელიც ომში მყოფი ქვეყნის სამხედროებმა დაგეგმეს და წარმატებით განახორციელეს, მოსკოვმა საპასუხო შეტევებით უპასუხა. იბომბება კიევი, უკრაინული ოლქები და დაღუპულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.
ოპერაცია "ობობის ქსელის" განხორციელებიდან 6 დღის შემდეგ, თეთრი სახლი ისევ სანქციებზე ალაპარაკდა, თუმცა, სანამ კრემლის მიმართ მორიგი სადამსჯელო მექანიზმი ამოქმედდება, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის ქმედებებზე პასუხისმგებლობას, რუსეთის მიერვე დაბომბილ უკრაინასაც აკისრებს.
მოსკოვს სანქციების არ ეშინია - ეს ვაშინგტონს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ შეახსენა. სერგეი რიაბკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ კრემლის პოზიციები თეთრი სახლისთვის ცნობილია. მოსკოვი კიევს გადაიარაღების საშუალებას არ მისცემს.
უკრაინის პრეზიდენტი თეთრი სახლის ლიდერს ეუბნება, რომ ის ვერ გრძნობს უკრაინელი ხალხის ტკივილს. ზელენსკის ხისტი პასუხი ტრამპის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა უკრაინა და რუსეთი ქვიშაში მოთამაშე ბავშვებს შეადარა.
რუსეთი უკრაინას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. კრემლის მთავარი მომლაპარაკებელი ამბობს, რომ ცხედრების გაცვლის პროცესს ოფიციალური კიევი აყოვნებს.
სანამ ომის მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიაზე ვითარება განსაკუთრებით მწვავდება. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს, სოფლებს და დასახლებულ პუნქტებს ბომბავს. საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა მსხვერპლი. დღეს კრემლის მთავარი სამიზნე - ხარკოვი და დონეცკია. თავის დაცვას ცდილობს უკრაინა, რომელმაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად, რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-35 ჩამოაგდო.
ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგაც ვერ ხერხდება. ამ დროის განმავლობაში, საომარ მოქმედებებს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არაერთი დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.