1781729221
სომხური მედია: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბლოკ „სომხეთის“ ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თანხმობა მისცა
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე თანხმობა მისცა მეორე პრეზიდენტისა და ოპოზიციური ალიანსის, „სომხეთის“ ლიდერის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს შენობის წინ ადვოკატმა არამ ორბელიანმა განუცხადა.
მანამდე Armenian News იტყობინებოდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ცესკოს მიმართა შუამდგომლობით, რათა ნებართვა მიეღო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე როგორც რობერტ ქოჩარიანის, ისე დეპუტატობის კანდიდატების - ასატურ ქოჩარიანისა და რუსლან ბარსეღიანის წინააღმდეგ. საპარლამენტო არჩევნებზე ალიანს „სომხეთის“ საარჩევნო სიით რუსლან ბარსეღიანი 62-ე ნომერია, ხოლო ასატურ ქოჩარიანი - 154-ე.
ამასთან დაკავშირებით, სომხეთის მეორე პრეზიდენტის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის ორი დღის წინ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ მომხდარი უკანონობის გაგრძელება.
„ფაქტობრივად, ორი დღის წინ [სომხეთის] საგამოძიებო და ანტიკორუფციული კომიტეტები აცხადებდნენ, რომ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობდა, შესაბამისად, [მეორე] პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლა პირდაპირი დანაშაულის ჩადენით შეიზღუდა; დღეს კი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა პროკურატურამ რაღაც საქმე „შეკერა“ [რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ] და ცესკოს შუამდგომლობით მიმართა“, - ნათქვამია სომხეთის მეორე პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.











