სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
1755037090
სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, დაშავდა, სულ მცირე, აქციის 64 მონაწილე და ხუთი სამართალდამცველი.
როგორც „როიტერი“ იუწყება, შეტაკებები მოხდა 13 აგვისტოს საღამოს ქალაქ ნოვი-სადში ქვეყნის მმართველი პარტიის ოფისთან, ასევე ბელგრადშიც.
ადგილობრივი მედიის ცნობთ, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებლია „სამოქალაქო ომის“ თავიდან აცილება და ბელგრადისა და ნოვი-სადის ქუჩების „ხულიგნებისა და მკვლელებისგან გათავისუფლება“.
ბელგრადში შეტაკებაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების მომხრეებიც, რომლებმაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს ფოირვერკები დაუშინეს. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, სერბეთის პრეზიდენტი აქციების ფონზე პოლიციის სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ სერბეთის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 13 პირი, რომლებიც რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებულები, დააკავეს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მასშტაბური აქციები არ შეწყდა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით.
2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურო მაცუტი, რომლის კანდიდატურაც ამ პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა.
აქციები სერბეთში ცხრა თვეა, გრძელდება.