„ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა“ - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმიდან

მკვლელობა ზუგდიდში

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა თვითდაზიანება მიიყენა და იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მას ჩაუტარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ რა დროს მიიყენა ქალმა თვითდაზიანება, თუმცა გადარჩა“, - ამბობს წყარო.

რაც შეეხება მოკლულ ნათია აფხაზავას, იგი 2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა, სადაც ქმართან და 2 შვილთან ცხოვრობდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო.

ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც.

„ესენი ინახულა ნათიამ, იმდენი საჩუქრები ჩამოუტანა...“, - ამბობს წყარო.

ნათია აფხაზავა გერმანიიდან ბევრს ეხმარებოდა და დასაქმებაშიც უწყობდა ხელს.

„შტუდგარტთან ახლოს, გარეუბანში, იქ საკუთარი 3-სართულიანი სახლი აქვს, თავისიანები ყველა თან წაიყვანა და ცხოვრება აუწყო... ყველანი კარგად მოაწყო ნათიამ“, - გვიყვება წყარო.

მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.