რატომ არ შეუშვეს puff daddy-ის პროცესზე კანიე უესტი

კანიე უესტი

კანიე ვესთი (იგივე იე) მოულოდნელად მივიდა შონ “დიდი” ქომბსის წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალურ სასამართლო პროცესზე ნიუ-იორკში, თუმცა მას სასამართლო დარბაზში შესვლის ნება არ დართეს, რადგან სტუმრების ოფიციალურ სიაში არ იყო.

შემთხვევა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მოხდა, სადაც “დიდი” სერიოზულ ბრალდებებს ებრძვის - მათ შორისაა ადამიანებით ვაჭრობა, სექსუალური ძალადობა, არასრულწლოვანთა ჩართვა პროსტიტუციაში და ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა. სასამართლო პროცესები უკვე მეხუთე კვირაა, მიმდინარეობს.

კანიე ვესთი სასამართლოს შენობაში დილის 11 საათისთვის მივიდა და ქომბსის შვილის, ქრისტიან ქომბსის თანხლებით, იქ მცირე ხნით დარჩა. თუმცა, რეპერი საპროცესო დარბაზში არ შეუშვეს და მიმდინარე სასამართლო სხდომის დაკვირვების შესაძლებლობა გვერდითა ოთახში, მონიტორიდან მისცეს. იემ დაახლოებით 30 წუთი დაყო შენობაში, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა.

რეპერის სასამართლოში ყოფნის პარალელურად ქომბსის ყოფილი ასისტენტი, ჯონათან პერესი, ჩვენებას აძლევდა. ეს საქმე “დიდის” კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია - ის ეჭვმიტანილია სექსუალურ ძალადობაში, ძალადობრივი ქცევის ორგანიზებაში და სერიოზული დანაშაულებრივი ქსელის მართვაში. აღნიშნული პროცესი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ პროცესები აქტიურად შუქდება მედიაში.

ბრალდების მხარე შემდეგ კვირაში დაასრულებს დიდის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების წარდგენას, რის შემდეგაც მისი დაცვის მხარე დაიწყებს თავისი არგუმენტების წარდგენას რვა კაცისა და ოთხი ქალისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა გუნდის წინაშე.